ილონ მასკი წერს, რომ ახალ პოლიტიკურ პარტიას აფუძნებს

ილონ მასკი წერს, რომ ახალ პოლიტიკურ პარტიას აფუძნებს

ამერიკელი მილიარდერი ბიზნესმენი ილონ მასკი წერს, რომ ახალ პოლიტიკურ პარტიას აფუძნებს, სახელწოდებით - "ამერიკის პარტია".

ამ ინფორმაციის გამოქვეყნებამდე, მან X-ზე ონლაინ გამოკითხვა ჩაატარა ახალი პოლიტიკური პარტიის შექმნასთან დაკავშირებით, სადაც უმრავლესობამ იდეას მხარი დაუჭირა.

"თქვენ გსურთ ახალი პოლიტიკური პარტია და მიიღებთ კიდეც!

როდესაც საქმე ეხება ჩვენი ქვეყნის გაკოტრებას ფლანგვითა და კორუფციით, ჩვენ ერთპარტიულ სისტემაში ვცხოვრობთ და არა - დემოკრატიაში.

დღეს ამერიკული პარტია შეიქმნება იმისთვის, რომ თქვენი თავისუფლება დაგიბრუნოთ", - დაწერა ილონ მასკმა.

29 მაისს ილონ მასკმა, რომელიც აშშ-ის მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა (DOGE), თანამდებობა დატოვა. თანამდებობის დატოვებამდე ერთი დღით ადრე მან თქვა, რომ არ მოსწონდა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ შემუშავებული კანონპროექტი, რომელიც მსხვილ ხარჯებს შეეხებოდა და გადასახადების მასშტაბურ შემცირებას მოიცავდა.

ამის შემდეგ, 3 ივნისს დონალდ ტრამპსა და ილონ მასკს შორის საჯარო დაპირისპირება მოხდა. ამის შესახებ - ვრცლად.

საჯარო დაპირისპირების ფონზე, ილონ მასკი X-ზე პოსტში დაეთანხმა მოსაზრებას დონალდ ტრამპის იმპიჩმენტისა და მისი ვიცე პრეზიდენტ ჯეი დი ვენსით ჩანაცვლების შესახებ.