
ამერიკელი მილიარდერი ილონ მასკი წერს, რომ აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის სახელი სექსუალური ტრეფიკინგის საქმეზე ბრალდებული ჯეფრი ეპშტეინის საქმის მასალებში ფიგურირებს, რის გამოც ეს დოკუმენტები არ საჯაროვდება.
ამის შესახებ ილონ მასკმა X-ზე მას შემდეგ დაწერა, რაც დონალდ ტრამპმა და მან ერთმანეთი დღეს საჯაროდ გააკრიტიკეს.
ფინანსისტ ჯეფრი ეპშტეინს სექსუალური ტრეფიკინგისთვის ბრალი 2019 წელს წაუყენეს. ბრალის თანახმად, მან ათობით არასრულწლოვანი გოგო სექსუალურ ტრეფიკინგში ჩართო. 2024 წელს დოკუმენტების ასობით გვერდი გამოქვეყნდა. ეს დოკუმენტების პირველი ნაწილი იყო, რომელშიც საუბარი იყო დონალდ ტრამპისა და ჯეფრი ეპშტეინის შეხვედრაზე. 2024 წლის საპრეზიდენტო კამპანიის დროს დონალდ ტრამპმა პირობა დადო, რომ სხვა საქმეებთან ერთად, ამ საქმის მასალებსაც გაასაჯაროებდა, თუმცა გენერალური პროკურორის მიერ გამოქვეყნებული ახალი ფაილები დამატებით გარემოებებს ან სახელებს არ მოიცავდა.
ილონ მასკის პოსტი X-ზე:
"ნამდვილი დიდი ბომბის ჩამოგდების დროა! დონალდ ტრამპი ეპშტეინის ფაილებშია. ეს არის ნამდვილი მიზეზი, თუ რატომ არ გასაჯაროვდა ისინი. ბედნიერ დღეს გისურვებ, დონალდ ტრამპ!", - დაწერა ილონ მასკმა X-ზე.
მანამდე, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გერმანიის კანცლერ ფრიდრიხ მერცთან ოვალურ კაბინეტში ყოფნის დროს ჟურნალისტებს უთხრა, რომ "ძალიან იმედგაცრუებულია" ილონ მასკით. კერძოდ, მან დაამატა, რომ "გაკვირვებულია საბიუჯეტო კანონპროექტის შესახებ ილონ მასკის კომენტარებით".
კერძოდ, აშშ-ის პრეზიდენტმა თქვა, რომ ილონ მასკს კანონპროექტთან დაკავშირებით პრობლემა მაშინ გაუჩნდა, როდესა გაიგო, რომ ხელისუფლება ელექტრომობილების მანდატის შემცირებას გეგმავდა, რასაც თავის მხრივ, ილონ მასკმა "სიცრუე" უწოდა.
ამასთან, დონალდ ტრამპმა თქვა, რომ ის პენსილვანიის შტატს ილონ მასკის გარეშეც მოიგებდა.
ამ განცხადების შემდეგ ილონ მასკმა X-ზე დაწერა: "ჩემს გარეშე ტრამპი არჩევნებს წააგებდა, დემოკრატებს წარმომადგენელთა პალატის კონტროლი ექნებოდათ და სენატში რესპუბლიკელები 51-49-ზე იქნებოდნენ. როგორი უმადურობაა".
ილონ მასკის შემდეგ, პოსტი საკუთარ სოციალურ ქსელ The Truth-ზე დონალდ ტრამპმა გამოაქვეყნა და დაწერა, რომ ილონ მასკი "ჭკუიდან შეიშალა".
"ილონი "გადაიღალა", მე ვთხოვე, რომ წასულიყო, წავართვი ელექტრომობილების მანდატი, რომელიც ყველას აიძულებდა, ეყიდათ ელექტრომობილები, რომლებიც არავის სურდა (მან თვეების განმავლობაში იცოდა, რომ მე ამას გავაკეთებდი!) და ის უბრალოდ ჭკუიდან შეიშალა", - დაწერა დონალდ ტრამპმა.
ასევე, აშშ-ის პრეზიდენტმა თქვა, რომ ბიუჯეტში ფულის დაზოგვის ყველაზე მარტივი გზა ილონ მასკის კომპანიებისთვის სუბსიდიებისა და სამთავრობო კონტრაქტების შეწყვეტაა.
"ყველაზე მარტივი გზა, დავზოგოთ ფული ჩვენს ბიუჯეტში, მილიარდობით დოლარი, შევწყვიტოთ ილონის სამთავრობო სუბსიდირება და კონტრაქტები. მე ყოველთვის მიკვირდა, რომ ბაიდენმა ეს არ გააკეთა", - დაწერა დონალდ ტრამპმა.
ამ განცხადებას ილონ მასკმა შემდეგნაირად უპასუხა: "მთავრობის მიერ ჩემი კონტრაქტების გაუქმების შესახებ პრეზიდენტის განცხადების გათვალისწინებით, SpaceX დაუყოვნებლივ იწყებს Dragon-ის კოსმოსური ხომალდების გაუქმების პროცესს".
საჯარო დაპირისპირების ფონზე, ილონ მასკი X-ზე პოსტში დაეთანხმა მოსაზრებას დონალდ ტრამპის იმპიჩმენტისა და მისი ვიცე პრეზიდენტ ჯეი დი ვენსით ჩანაცვლების შესახებ.
ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ, კერძოდ, 29 მაისს ილონ მასკმა, რომელიც აშშ-ის მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა (DOGE), თანამდებობა დატოვა. თანამდებობის დატოვებამდე ერთი დღით ადრე მან თქვა, რომ არ მოსწონდა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ შემუშავებული კანონპროექტი, რომელიც მსხვილ ხარჯებს შეეხებოდა და გადასახადების მასშტაბურ შემცირებას მოიცავდა.