საქართველოში ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი აცხადებს, რომ ქართული ოცნების მხრიდან პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ დაწყებული იმპიჩმენტის პროცედურა "არ დაეხმარება დეპოლარიზაციას და პირიქით, გამოიწვევს პოლარიზაციას". ამის შესახებ მან ფორმულასთან ისაუბრა.
"[საკითხი] საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს, თუმცა, მე შემიძლია მხოლოდ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის სიტყვების გამეორება, რომ ეს იმპიჩმენტის პროცედურა სამწუხაროდ, არ დაეხმარება დეპოლარიზაციას, პირიქით, ეს გამოიწვევს პოლარიზაციას. მე შემიძლია გითხრათ, რომ ვესწრებოდი სალომე ზურაბიშვილის გამოსვლას ევროპარლამენტში და თავად შევესწარი მის გულწრფელ თხოვნას ევროპარლამენტის წევრების მიმართ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მიღებასთან დაკავშირებით.
ეს არ არის საკითხი, რომელზეც მე შემიძლია კომენტარის გაკეთება, მომავალში გადაწყვეტილება დამოკიდებულია საკონსტიტუციო სასამართლოზე, თუმცა მე შემიძლია ჯოზეფ ბორელის სიტყვების გამეორება, რომელმაც თქვა, რომ იმპიჩმენტის პროცედურა პრეზიდენტის წინააღმდეგ არ დაეხმარება საქართველოს პოლიტიკური სპექტრის დეპოლარიზაციას", - განაცხადა ელჩმა.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ცნობით, ქართული ოცნების მიერ პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხის წარდგინებას ზეპირი მოსმენით 3 ოქტომბერს განიხილავენ. არსებითი განხილვა 12:00 საათზე ჩაინიშნა - მასში მონაწილეობას მიიღებენ წარდგინების ავტორები და საქართველოს პრეზიდენტი.
პირველ სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ ქართული ოცნება სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურას იწყებს. მიზეზად პარტიაში მთავრობის უარის მიუხედავად, პრეზიდენტის ევროპაში გამგზავრება დაასახელეს, რითაც მან "უხეშად დაარღვია კონსტიტუცია".
ამას წინ უსწრებდა პრეზიდენტის ევროპაში ვიზიტი, სადაც ის საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების მხარდასაჭერად ევროპელ ლიდერებს შეხვდა.
30 აგვისტოს საქართველოს მთავრობამ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ევროპაში ვიზიტის პარალელურად განცხადება გამოაქვეყნა და აღნიშნა, რომ მას ყველა მოთხოვნილ ვიზიტზე უარი უთხრეს, მათ შორის, უკრაინაში.