საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებით, რიკოთის მაგისტრალზე პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების 86% შესრულებულია. ამის შესახებ უწყება განცხადებას ავრცელებს.
"რიკოთის ახალი მაგისტრალური გზის პროექტით გათვალისწინებული 51 გვირაბიდან, 45 გვირაბი უკვე გაჭრილია; პროექტით დაგეგმილი 97 ხიდიდან, 81 ხიდი უკვე აშენებულია. ამასთან, 12 გვირაბით და 22 დასრულებული ხიდით ავტოტრანსპორტი უკვე სარგებლობს", - ნათქვამია განცხადებაში.
გუშინ ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართული სხდომის შემდეგ რიკოთზე მიმდინარე სამუშაოებზე ისაუბრა. მისი განცხადებით, რიკოთი უსაფრთხოა და სპეციალური რეჟიმი "პოტენციური" რისკის გამო მოქმედებს - ქარსელაძემ აღნიშნა, რომ რიკოთის 149-ე კილომეტრზე მეწყერი არ ჩამოსულა და დღეს რიკოთი უსაფრთხოა.
საავტომობილო დეპარტამენტმა 11 აპრილს, "მცირე ქვათაცვენის გამო, გზების გაწმენდითი სამუშაოების ჩატარების" მიზეზით რიკოთის უღელტეხილზე მოძრაობა აკრძალა. 13 აპრილს რიკოთის უღელტეხილზე საგზაო მოძრაობა ყველა სახის ტრანსპორტისთვის სპეციალური რეჟიმით ამოქმედდა.