გვარამია: მოვითხოვთ, მზია ამაღლობელის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით კონსილიუმი შეიქმნას

გვარამია: მოვითხოვთ, მზია ამაღლობელის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით კონსილიუმი შეიქმნას

კოალიცია ცვლილებებისთვის ლიდერი ნიკა გვარამია ქართული ოცნების ჯანდაცვის და პენიტენციურ სამსახურებს მოუწოდებს, მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესასწავლად კონსილიუმი შექმნას.

გვარამიას თქმით, საზოგადოება ყოველდღიურად ინფორმირებული უნდა იყოს ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.

"მზია ამაღლობელს ციხეში უკვე 16 დღეა შიმშილობა აქვს გამოცხადებული, თუმცა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ არაფერი ვიცით. ეს აბსოლუტურად ეწინააღმდეგება საერთაშორისო შიმშილობის პროტოკოლს. მინდა ვთქვა, რომ ჯანდაცვის და იუსტიციის მინისტრი ვალდებულები არიან საზოგადოებას ამასთან დაკავშირებით ინფორმაცია მიაწოდონ. უფრო მეტიც, ჩვენ მოვითხოვთ, რომ ამ ორმა სამინისტრომ პენიტენციური სამსახურის და მზიას მხარის (საია-ს ჩართულობით) მოახდინოს ფორმირება ე.წ. კონსილიუმის, რომელიც ყოველ დღე შეგვატყობინებს მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ"- განაცხადა გვარამიამ.

ნეტგაზეთისა და ბათუმელების ხელმძღვანელი მზია ამაღლობელი მე-16 დღეა ციხეში შიმშილობს. საიას ცნობით, მზია ამაღლობელის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება – აუცილებელია დაუყოვნებელი მოქმედება.

***

14 იანვარს ბათუმის საქალაქო სასამართლომ მზია ამაღლობელს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

16 იანვარს სახალხო დამცველმა მზია ამაღლობელის მიმართ აღკვეთის ღონისძიების გამოყენების საკითხზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრებით მიმართა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს.

მზია ამაღლობელი ბათუმში მიმდინარე საპროტესტო აქციაზე 11-12 იანვრის ღამეს ჯერ ადმინისტრაციული წესით დააკავეს და პროტესტის მალევე გაათავისუფლეს, რამდენიმე წუთში კი უკვე სისხლის სამართლის წესით დააკავეს.

მას პოლიციელზე თავდასხმა ედება ბრალად, რაც 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. ინციდენტს წინ უძღოდა დაპირისპირება და ჭყლეტა მონაწილეებსა და პოლიციას შორის, რაც პოლიციის მხრიდან პროვოკაციული ქმედებებს მოჰყვა.