გუდკოვი: დასავლეთმა ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ პოლიტიკური პატიმრები ციხიდან გამოიყვანოს

გუდკოვი: დასავლეთმა ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ პოლიტიკური პატიმრები ციხიდან გამოიყვანოს

რუსი ოპოზიციონერის, დიმიტრი გუდკოვის თქმით, დასავლეთმა ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ პოლიტიკური პატიმრები ციხიდან გამოიყვანოს. ამის შესახებ მან ფორმულასთან საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე დიპლომატებმა და პოლიტიკოსებმა მიხეილ სააკაშვილის საქმესთან დაკავშირებითაც იმსჯელეს.

"მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე სხვადასხვა დიპლომატებთან და პოლიტიკოსებთან მიხეილ სააკაშვილის ბედის განხილვა მიმდინარეობდა. დასავლეთმა ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ ციხიდან გამოიყვანოს პოლიტიკური პატიმრები. შემდეგი, ვინც შეიძლება გაიზიაროს ნავალნის ბედი, ღმერთმა დაიფაროს, ეს გახლავთ ვლადიმერ კარა-მურზა, რომელსაც ჯანრმთელობასთან დაკავშირებით ძალიან მძიმე მდგომარეობა აქვს. ორჯერ მოწამლეს და მძიმე პირობებში იმყოფება და არავინ არ იცის, რამდენ ხანს გაძლებს. 5 წელი მიუსაჯეს.

ამიტომ, რისი გაკეთებაც შეუძლია დასავლეთს, არის ის, რომ უნდა იპოვოს შესაძლებლობა, ციხიდან გამოიყვანოს პოლიტიკური პატიმრები. მაგალითად, გაცვლის პროგრამით ან სხვა ვარიანტებით, მაგრამ მნიშვნელოვანია, ამაზე მოხდეს აქცენტირება", - აღნიშნა მან.

რუს ოპოზიციონერ აქტივისტს, კრემლის კრიტიკოსს ვლადიმირ კარა-მურზას 25 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა სახელმწიფოს ღალატისა და სხვა ბრალდებებისთვის, რომლებიც რუსეთის მიერ უკრაინაში წამოწყებული ომის კრიტიკას უკავშირდება.