ძლიერი საქართველოს წევრ გრიგოლ გეგელიას თავისუფლების მოედანზე წყალი შეასხეს. გეგელიამ ჟურნალისტებთან აღნიშნა, რომ მის მიმართ წყლის ჭავლის მანქანიდან წყალი მას შემდეგ გამოიყენეს, რაც ადგილზე მობილიზებულ პოლიციას კითხვით მიმართა.
"ვართ ამ სიტუაციაში, განუკითხაობაა ამ ქვეყანაში. რეალურად კითხვების დასმას ვცდილობთ, მაგრამ მათ პასუხები არ აქვთ და სავარაუდოდ მშვიდობიან პროტესტს დაარბევენ, იმისათვის, რომ ივანიშვილი მშვიდად შევიდეს პარლამენტში, თუმცა ჩვენ მათ წინააღმდეგობას გავუწევთ.
საქართველოს მოსახლეობის მიერ არჩეულ პირს, მაქვს უფლება, პოლიციელებს ვკითხო, აპირებენ თუ არა მშვიდობიანი აქციის დარბევას? ამ საკითხზე მათ არავითარი პასუხი არ აქვთ, ამის ნაცვლად ერთ-ერთმა მანქანამ, ჩემს წინააღმდეგ წყლის ჭავლი გამოიყენა", - განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.
***
რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია ამ დრომდე გრძელდება. მოქალაქეებმა ღამე გაათენეს - ისინი გაყალბებულ არჩევნებს აპროტესტებენ.
საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელებთან პოლიციაა მობილიზებული. გარდა ამისა, საპოლიციო ძალები თავისუფლების მოედანზეც არიან განლაგებული, სადაც შსს-ის სპეცტექნიკაც გამოჩნდა.
დღეს, 12 საათზე პარლამენტის მე-11 მოწვევის პირველი სხდომა უნდა გაიმართოს. აქციის მონაწილეები არჩევნების შედეგებს არ აღიარებენ და ახალ პარლამენტს არალეგიტიმურად მიიჩნევენ.