
გრენლანდიის პატარა სოფელ ინაარსუიტში ევაკუაცია გამოცხადდა მას შემდეგ, რაც გიგანტური აისბერგი სანაპიროსთან ახლოს გაჩერდა. აისბერგი დაახლოებით ერთი კვირის წინ შენიშნეს, ახლა კი ის უშუალოდ ნაპირთან იმყოფება.
აისბერგის სიმაღლე 100 მეტრს აღწევს, ხოლო სავარაუდო წონა 11 მილიარდ ტონას. სპეციალისტების შეფასებით, მისი ჩამოშლა უზარმაზარ ტალღებს გამოიწვევს, რაც სანაპიროზე მდებარე დასახლებას სერიოზული წყალდიდობითა და შესაძლო წალეკვით ემუქრება.
სოფელში 169 ადამიანი ცხოვრობს და მათი ბედი მთლიანად ამინდის პირობებზეა დამოკიდებული — თუ ძლიერი ქარი აისბერგს გადაადგილებას აიძულებს ან გამოიწვევს მის ნაწილობრივ ჩამოშლას, სოფელს შესაძლოა კატასტროფული ზიანი მიადგეს.