გომელაური: ჩორჩანას საგუშაგოს დადგმის შესახებ პოსტ ფაქტუმ გავიგეთ

გომელაური: ჩორჩანას საგუშაგოს დადგმის შესახებ პოსტ ფაქტუმ გავიგეთ

შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, ვახტანგ გომელაურის თქმით, ჩორჩანას საგუშაგოს დადგმა შეთანხმებული არ ყოფილა და მის შესახებ პოსტ ფაქტუმ გაიგეს. ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან პროკურატურიდან გამოსვლის შემდეგ თქვა.

"ხდებოდა ხოლმე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასთან შეთანხმება, ისინი მერე უკვე ამ საერთო ფორმატში ათანხმებდნენ. ყოფილა რამდენიმე შემთხვევა, სადაც ყოფილა დათანხმება იქითა მხრიდან: გააკეთეთ, ჩვენ პრობლემა არ გვაქვს. ასე ხდებოდა. ასე რომ, მარტო უშიშროების სამსახურის ხელმძღვანელი რომ ჩააყენო საქმის კურსში ან რომელიღაც დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ასე არ ხდებოდა. რა თქმა უნდა, პრემიერმინისტრი საქმის კურსში უნდა ჩაგეყენებინა, უსაფრთხოების სამსახური, შემდეგ ჩვენ ვაყენებთ საქმის კურსში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას. ასე ხდებოდა ყველაფერი. ამ შემთხვევაში გავიგეთ პოსტ ფაქტუმ...

ჩვენ რომ გავიგეთ, ვალდებული ვიყავი და პრემიერმინისტრი საქმის კურსში ჩავაყენე. მაინც გაკეთდა ეს. რატომ არ გამოიყვანეთ უკან, რატომ დავტოვეთ, ამაზე დღეს პასუხს ვერ გეტყვით. ამაზე მოკვლევა მიდის...

როცა გავიგეთ, ტრაქტორები მუშაობდნენ და უნდა გაკეთებულიყო ახალი საგუშაგო, მე დავუკავშირდი და ვუთხარი, რომ არ შეიძლებოდა", - თქვა მან.

გომელაური გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვაზე იმყოფებოდა.

ის გამოკითხვაზე ჩორჩანას ეპიზოდთან დაკავშირებით იყო დაბარებული. შესვლამდე მან ჟურნალისტებთან თქვა, რომ "რა თქმა უნდა, წინააღმდეგი იყო, რა თქმა უნდა, არ უნდა გაკეთებულიყო [ჩორჩანაში გამშვები პუნქტი]".

2019 წლის აგვისტოში, ჩორჩანას ეპიზოდის დროს, ვახტანგ გომელაური სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი იყო.

***

2019 წლის აგვისტოში სოფელ ჩორჩანასთან ქართული პოლიციის საგუშაგო გაიხსნა, რის შემდეგაც, მოძრაობა ძალა ერთობაშია საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე რუსეთის საოკუპაციო ძალების გადმოსვლის შესახებ იუწყებოდა.

იმავე კვირების განმავლობაში ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო ძალებმა მათ მიერვე დადგენილი საოკუპაციო ხაზი გადმოკვეთეს და სოფელ ჩორჩანას მიმდებარე ტერიტორიაზე ბორდერიზაციის სხვადასხვა ნიშნები განათავსეს.

ქართული ოცნება ამას იმ დროინდელ შინაგან საქმეთა მინისტრს, გიორგი გახარიას ედავება და ბრალს სდებს, რომ მან თვითონებურად გახსნა ჩორჩანაში საგუშაგო, რამაც ვითარების დაძაბვა გამოიწვია.

ქართული ოცნება ამ საკითხს ერთპარტიული პარლამენტის დეპუტატის თეა წულუკიანის მიერ შექმნილი ე.წ. საგამოძიებო კომისიის ფორმატშიც სწავლობს.

პროკურატურის თანახმად, ჩორჩანას ეპიზოდთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს შემდეგ ფაქტებზე:

  • დამამძიმებელ გარემოებაში საბოტაჟის მცდელობა
  • უცხოეთის ორგანიზაციისთვის და უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარებ
  • საქართველოს კონსტიტუციური წყობილების და ეროვნული უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობისთვის ფინანსების მობილიზება

პროკურატურა აცხადებს, რომ შესწავლის საგანს წარმოადგენს "2019 წლის 24 აგვისტოს სოფელ ჩორჩანასთან საოკუპაციო ხაზის გასწვრივ საქართველოს შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, გიორგი გახარიას მიერ განხორციელებული ქმედება".