მსახიობი თორნიკე გოგრიჭიანი კინოცენტრის თანამშრომლებს მხარდაჭერას უცხადებს და აღნიშნავს, რომ ქართული კინოს წარმატება სწორედ იმ ინერციის შედეგია, რაც კინოცენტრს გააჩნდა. მისი თქმით, ახლა ეს ყველაფერი საფრთხის წინაშე დადგა. ამის შესახებ მან გიორგი თარგამაძის ფორმულაში ისაუბრა.
"აქედან რაც შემიძლია ვთქვა, არის ის, რომ მე მივეკუთვნები იმ ხალხის რიცხვს, ვისაც ახსოვს ის პროცესი, რასაც დღეს ჩვენ ქართულ კინოს ვეძახით - ვამბობ იმიტომ, რომ მქონდა თანდასწრება და ვიყავი იმ ფილმების მონაწილე, რომლებმაც დიდი ხნის პაუზის შემდეგ, პირველად მოახერხეს კინოსთვის იმ მნიშვნელოვან სივრცეში მოხვედრა, სადაც ყოველთვის იყო ქართული კინოს ადგილი, მაგრამ დამოუკიდებლობის შემდეგ, რაღაცნაირად, ვერ ხერხდებოდა. ეს დამსახურებაა მხოლოდ ეროვნული კინოცენტრის და იმ ზუსტად, სწორად დასახული სტრატეგიის, რაც გააჩნდა ამ ინსტიტუციას დასაწყისიდანვე, რადგან მგონია, რომ ის წარმოადგენს ევროპულად თანამედროვე სისტემას, ნაწილია მისი და შეუძლებელია, ამის გარეშე გადარჩეს დამოუკიდებელი კინო. თუკი რამე წარმატება გააჩნია ქართულ კინოს და მეტიც, იმ ადამიანებს ან გნებავთ ეს წარმატებაც კი, ეს არის შედეგი მარტო იმ ინერციის, რაც გააჩნდა კინოცენტრს, რაც მგონია, რომ დღეს ძალიან დიდი საფრთხის წინაშე დადგა.
მე მგონია, რომ მთელი ეს ცრუ ინფორმაციები მიმართულია არა ჩვენკენ, რომლებმაც ვიცით და გაგვაჩნია მახსოვრობა, არამედ იმ ხალხისკენ, რომლებიც არ არიან ამ სექტორის წარმომადგენლები, არ არიან დეტალურად ჩახედულები, თუ რა ხდება. მე მგონია, რომ ყველაზე მთავარი იქნება, იმ ხალხს მივაწოდოთ და გავაგებინოთ, რომ ეს ყველაფერი არის ცრუ და სინამდვილეში, სხვა რამესთან გვაქვს საქმე, ვინც აკეთებს, მასთან საერთოდ არც მგონია, რომ ლაპარაკს აზრი ჰქონდეს - იმიტომ, რომ ადამიანი, რომელიც დიალოგზე არ მოდის და სტრუქტურა აქვს მთლიანად დახურული, დაკეტილი და არ ელაპარაკება იმ სექტორს, რომელსაც წარმოადგენს, მე არ მგონია, რომ საერთოდ ამ ადამიანთან რამე დიალოგს აზრი ჰქონდეს", - განაცხადა მან.
გოგრიჭიანმა აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, თავდაპირველად, მუზეუმში განვითარებულ მოვლენებს რეაქციები მოჰყვა, ეს არ ყოფილა იმ მასშტაბის, რა მასშტაბისაც ახლაა. მისი თქმით, თუ პროცესები ასე გაგრძელდება, ის, შესაძლოა, "მეტასტაზივით მოედოს ყველაფერს".
"მუზეუმი, ალბათ, თავიდანვე რომ სათანადო რეაქცია არ მიეცემა, უფრო სწორად მიეცა, მაგრამ იმ მასშტაბის, რა მასშტაბის რეაქციებსაც ახლა იძენს ეს ყველაფერი, ალბათ, მაგის შედეგია, სადაც შეიძლება, ახლა ვართ და მგონია, თუ გაგრძელდა ეს მეტასტაზივით მოედება ყველაფერს, თუ უკვე არ მოედო. ახლა რომ ვერთვები აქედან, ეს არ ნიშნავს, რომ თვის ბოლოს არ ჩამოვალ, მანდ არ ვიქნები და ჩემი კოლეგების გვერდით არ დავდგები.
მაქსიმალურად ვცდილობ, ისტერიული ელფერი არ ჰქონდეს ამ ყველაფერს და საქმე გაკეთდეს, მოგვარდეს. გულწრფელად ვამბობ, იმ ადამიანებს, რომლებიც ახლა ამ გადაწყვეტილებებს იღებენ, ორი ვარიანტია: ან არ იციან და შედეგად ეს არის ძალიან ცუდი კინოსთვის და დამღუპველი, ან იციან და თუ ასეთი გამიზნულია ეს ყველაფერი, მაშინ კიდევ უფრო ცუდი. შესაბამისად, შედეგი ამ ყველაფრის იქნება ძალიან ცუდი", - განაცხადა მან.
11 ივნისს კინოცენტრის დირექტორის მოადგილემ ნინო კუხალაშვილმა განაცხადა, რომ კულტურის სამინისტრომ მისი შტატი გააუქმა და 12 ივლისიდან გათავისუფლებულია თანამდებობიდან.
მისი თქმით, წულუკიანმა რეორგანიზაცია დაიწყო, კინოცენტრის დებულებაში ცვლილებები შეიტანა, ხოლო დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად კობა ხუბუნაია დანიშნა - ის კულტურის სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის უფროსიცაა.
კობა ხუბუნაიას ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, ის 2021 წელს დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე იყო, მანამდე კი იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ აღსრულების ეროვნულ ბიუროში საფინანსო საკითხებში ეკონომიკური სამსახურის მრჩეველი იყო.
მოგვიანებით მან ფორმულასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ კინოცენტრის თანამშრომლებს ოფისმენეჯერად პროპაგანდისტული, სახელისუფლებო არხის POSTV-ის ჟურნალისტის, ბაჩო ოდიშარიას დანიშვნის ბრძანება დაუმალეს.
პროპაგანდისტული, სახელისუფლებო არხის POSTV-ის ჟურნალისტი, ბაჩო ოდიშარია, რომელიც მისივე თქმით, კინოცენტრში კინოწარმოების დეპარტამენტის უფროსის მოადგილედ დაინიშნა, ფორმულასთან ამბობს, რომ კინოცენტრში "რეორგანიზაციაში ჩაერთვება."