პროპაგანდისტული, სახელისუფლებო არხის POSTV-ის ჟურნალისტი, ბაჩო ოდიშარია, რომელიც მისივე თქმით, კინოცენტრში კინოწარმოების დეპარტამენტის უფროსის მოადგილედ დაინიშნა, ფორმულასთან ამბობს, რომ კინოცენტრში "რეორგანიზაციაში ჩაერთვება."
ოდიშარიას თქმით, მას "წარმოდგენა არ აქვს" თუ რატომ არის კინოცენტრში მისი თანამდებობაზე დანიშვნა პროტესტის საგანი.
"ჩავერთვები რეორგანიზაციის საკითხებში, შევისწავლი, როგორ მოქმედებს და ფუნქციონირებს კინოცენტრი, გავერკვევი ვის რა პრობლემები აქვს, ვის რა აწუხებს და ვეცდები ამის გამოსწორებას. მათ შორის იმასაც გავარკვევ თუ რატომ არის [კინოცენტრში დანიშვნა] პროტესტის საგანი. წარმოდგენა არ მაქვს რატომ არის პროტესტის საგანი იმიტომ, რომ არგუმენტი არ მომისმენია."- ამბობს ფორმულასთან ბაჩო ოდიშარია.
* * *
კინოცენტრის დირექტორის მოადგილემ ნინო კუხალაშვილმა გუშინ განაცხადა, რომ კულტურის სამინისტრომ მისი შტატი გააუქმა და 12 ივლისიდან გათავისუფლებულია თანამდებობიდან.
მისი თქმით, წულუკიანმა რეორგანიზაცია დაიწყო, კინოცენტრის დებულებაში ცვლილებები შეიტანა, ხოლო დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად კობა ხუბუნაია დანიშნა - ის კულტურის სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის უფროსიცაა.
კობა ხუბუნაიას ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, ის 2021 წელს დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე იყო, მანამდე კი იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ აღსრულების ეროვნულ ბიუროში საფინანსო საკითხებში ეკონომიკური სამსახურის მრჩეველი იყო.
მოგვიანებით მან ფორმულასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ კინოცენტრის თანამშრომლებს ოფისმენეჯერად პროპაგანდისტული, სახელისუფლებო არხის POSTV-ის ჟურნალისტის, ბაჩო ოდიშარიას დანიშვნის ბრძანება დაუმალეს.