გოგა რაზმაძე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს და თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართავს

გოგა რაზმაძე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს და თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართავს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილმა თანამშრომელმა, გოგა რაზმაძემ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოსა და თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ავრცელებს.

2023 წლის 27 ივლისს გაირკვა, რომ სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა არ დაიწყო გამოძიება და რაზმაძის ის განცხადება, რომლის საფუძველზეც იქნა გამოძიების დაწყება მოთხოვნილი, "გადაუგზავნა იმავე უწყების უფროსს, რომლის მოადგილის მხრიდან განხორციელებულ სავარაუდო დანაშაულებრივ ქმედებაზეც ითხოვდა გამოძიების დაწყებას განმცხადებელი".

საიას განცხადებაში წერია, რომ საქართველოს ფარგლებში არაერთი მცდელობის მიუხედავად, ვერც სახალხო დამცველის აპარატმა დაინახა გოგა რაზმაძის სამსახურებრივი შევიწროების ფაქტი. აქედან გამომდინარე მამხილებელმა 2023 წლის 24 ნოემბერს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართა.

"წარდგენილი საჩივარი შეეხება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-3 მუხლს (წამების აკრძალვა, მატერიალური და პროცედურული ნაწილი) მე-14 მუხლთან (დისკრიმინაციის აკრძალვა) ერთობლიობაში, მე-3 მუხლს (წამების აკრძალვა) მე-13 მუხლთან (სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალებების უფლება) ერთობლიობაში, მე-8 მუხლს (პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლება) მე-14 მუხლთან (დისკრიმინაციის აკრძალვა) ერთობლიობაში და მე-10 მუხლს (გამოხატვის თავისუფლება)", - წერია საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადებაში.

გარდა ამისა, 10 ნოემბერს, შსს გენერალურმა ინსპექციამ მოამზადა დასკვნა გოგა რაზმაძის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ, მიუხედავად იმისა, რომ მათი მოკვლევის საგანი სწორედ გოგა რაზმაძის მიერ დეპარტამენტში არსებული შევიწროვების ფაქტები უნდა ყოფილიყო. აქედან გამომდინარე, რაზმაძემ აღნიშნულ საკითხზე თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა. იგი ითხოვს გათავისუფლების უკანონოდ ცნობას, სამსახურში აღდგენას, დისკრიმინაციული მოპყრობის ფაქტის დადგენასა და მორალური ზიანის ანაზღაურებას.

"თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 21 დეკემბრის განჩინებით, დაკმაყოფილდა გოგა რაზმაძის მოთხოვნა დროებითი განჩინების მიღების თაობაზე. სასამართლომ სრულად გაიზიარა მოსარჩელის მოთხოვნა და შინაგან საქმეთა სამინისტროს სასამართლოს დავის გადაწყვეტამდე გოგა რაზმაძის პოზიციაზე სხვა პირის დანიშვნა აუკრძალა", - წერია საიას განცხადებაში.

***

10 ნოემბერს გოგა რაზმაძე სამსახურიდან გაათავისუფლეს - როგორც მან განაცხადა, შსს-ს გენერალური ინსპექციის დასკვნის საფუძველზე დისციპლინური სახდელი შეუფარდეს.

12 ივლისს გოგა რაზმაძემ, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროში მუშაობდა, Facebook-ზე გამოაქვეყნა საჯარო პოსტი, სადაც ისაუბრა სამინისტროში დისკრიმინაციის და შსს-ს გენერალური ინსპექციის უფროსის მოადგილის მიერ მის მიმართ განხორციელებულ დამამცირებელ, შეურაცხმყოფელ მოპყრობასა და ახსნა-განმარტების მიცემის იძულების ფაქტზე.

გოგა რაზმაძის თქმით, 4 ივლისს, საგამოძიებო სამსახურს მიმართა და განცხადებაში აღნიშნა, რომ საქმის გამოძიების დროულად დაწყებას ჰქონდა გადამწყვეტი მნიშვნელობა მტკიცებულებების (მათ შორის, ვიდეოჩანაწერების) განადგურების თავიდან ასაცილებლად.

28 ივლისს, გოგა რაზმაძემ Facebook-ზე დაწერა, რომ სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა მისი საქმის გამოძიებაზე უარი თქვა.

აღნიშნული საქმის შესწავლა სახალხო დამცველის აპარატმა. 30 ოქტომბერს ომბუდსმენის მიერ საქმის შეწყვეტის შესახებ თავად გოგა რაზმაძემ Facebook-ზე დაწერა. რაზმაძე აცხადებდა, რომ იოსელიანის მიერ საქმის შეწყვეტის დასაბუთება "სამარცხვინოა".

მისივე ინფორმაციით, იოსელიანმა საქმის შესწავლისას რაზმაძის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და ასევე, არ გამოკითხა მის მიმართ განხორციელებული დისკრიმინაციის მოწმე არცერთი პირი.