გირჩი - მეტი თავისუფლება: დღეს დააკავეს და ფიზიკურად იძალადეს ჩვენს 4 მხარდამჭერზე

გირჩი - მეტი თავისუფლება: დღეს დააკავეს და ფიზიკურად იძალადეს ჩვენს 4 მხარდამჭერზე

გირჩი - მეტი თავისუფლების ინფორმაციით, დღეს დილას აქციაზე მათი 4 მხარდამჭერი დააკავეს. პარტიის ცნობით, პოლიციამ ყველა მათგანზე ფიზიკურად იძალადა.

"დღეს პირადად შევესწარით და უმძიმესი კადრებიც ვნახეთ მშვიდობიანი დემონსტრანტების მორიგი არაადამიანური დარბევისა. დღეს დაკავებულებს შორის არიან ჩვენი მხარდამჭერები: გიორგი კემულარია, მისი ძმა - ლაშა კემულარია, რევი ყურაშვილი და ზურა ხომერიკი.

ადვოკატის თქმით, გიორგი კემულარია არის საკმაოდ ნაცემი. თავზე აღენიშნება სისხლნაჟღენთი, ნეკნები აქვს დაჟეჟილი და სუნთქვის დროს სტკივა, ეტყობა გარე დაზიანებებიც. ე.წ. "სამართალდამცველებთან" საუბრის დროს ახსენა, რომ იყო “გირჩი - მეტი თავისუფლების წევრი” და ხალხი ამ ძალადობას არ შეარჩენდა, რის შემდეგაც გაცილებით აგრესიულად ექცეოდნენ და დამატებით სცემეს.

ლაშა კემულარიას სახეზე აღენიშნება სიწითლეები და მრავლობითი დაზიანებები ტანის არეში.

ზურა ხომერიკის კადრები (ბმული იხ.კომენტარებში) ვრცელდება, სადაც ნათლად ჩანს, ნიღბიანი სამი ადამიანი როგორ სცემს დაკავების შემდეგ, კორდონს მიღმა.

რევი ყურაშვილს თითის ანაბეჭდით იძულებით, მისი ნების საწინააღმდეგოდ გაახსნევინეს კუთვნილი მობილური ტელეფონი.

ადვოკატის თქმით, ნიღბიანების ჯგროს მიერ ჩარტყმებისა და ფიზიკური ძალადობის წრე ყველა დაკავებულმა გამოიარა"- ნათქვამია განცხადებაში.

13 მაისის დილას რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე პოლიციამ 20 ადამიანი დააკავა. ისინი მშვიდობიან მოქალაქეებს ძალის გამოყენებით აკავებდნენ და სცემდნენ.

მიუხედავად ფართომასშტაბიანი პროტესტის, საერთაშორისო მოწოდებების, დასავლელი პარტნიორების და მეგობრების მითითებებისა, რომ კანონი საქართველოს ევროატლანტიკურ გზას რისკის ქვეშ აყენებს, ოცნებაში აცხადებენ, რომ კანონს უკან არ გაიწვევენ.