შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნებში პრეზიდენტმა ტრამპმა, სენატსა და კონგრესში რესპუბლიკელებმა გაიმარჯვეს.
უაღრესად პოლარიზებული ამერიკული საზოგადოების ერთ ნაწილში დიდი იმედგაცრუებაა, მეორე ნაწილი ზეიმობს. არჩევნების შედეგებს ეჭვქვეშ არავინ აყენებს. ხდება ის, რაც დემოკრატიულ ქვეყანაში არჩევნების შემდეგ ხდება ხოლმე.
ამერიკა არ არის უბრალოდ დემოკრატიული ქვეყანა - ის დემოკრატიული სამყაროს ლიდერია. მისი პოლიტიკა გავლენას მთელ მსოფლიოზე ახდენს.
ცივ ომში გამარჯვების შემდეგ თითქმის 30 წლის განმავლობაში ვაშინგტონი დომინანტურ გავლენას ფლობდა გეოპოლიტიკაზე, თუმცა ასე ყოველთვის ვერ გაგრძელდებოდა, ასეთია კაცობრიობის პოლიტიკური ისტორიის შეუქცევადი კანონზომიერება.
ერთადერთი სუპერძალის არსებობაში პირველი ეჭვი, ჯერ კიდევ 2008 წელს, რუსეთის საქართველოში შემოჭრის და აფხაზეთისა და ე.წ სამხრეთ ოსეთის აღიარებების შემდეგ გაჩნდა. ამ პირველმა ბზარმა არსებულ მსოფლიო წესრიგს საქართველოს მასშტაბის გამო პატარა, მაგრამ მნიშვნელოვანი ბზარი გაუჩინა, რომელიც ობამას ადმინისტრაციის "გადატვირთვის პოლიტიკისა" და შტატების გეოპოლიტიკური ალტერნატივების მომძლავრების შედეგად დიდ ნაპრალად იქცა და ძველ - ანუ არამარტო ცივი ომის, არამედ მეორე მსოფლიო ომის შემდგომ მსოფლიო წესრიგს გამოუთხარა ძირი.
ტრამპის პირველი ვადისა და ბაიდენის ადმინისტრაციის ნაბიჯებში ბევრი რამ შეიძლება ვიპოვოთ, რაც ძველი შეცდომების გამოსწორებას, თუ პირიქით - დამძიმებას უწყობდა ხელს, თუმცა მთავარი, რაც განმსაზღვრელად მცდარ პარადიგმას წარმოადგენდა და ამერიკული გავლენების შესუსტების და ჩინეთზე აღმოცენებული ავტორიტარული ღერძის მოძლიერებას უწყობდა ხელს, ცივ ომში გამარჯვების შემდგომი ამერიკული უპირატესობის და ლიბერალური დემოკრატიის უალტერნატივობის ხელშეუვალ მოცემულობად მიღება იყო.
შედეგად, ამერიკული, განსაკუთრებით საგარეო პოლიტიკაზე პასუხისმგებელი ელიტების ქცევა ხშირად სირაქლემას პოზას ემსგავსებოდა, როდესაც შტატებისთვის მნიშვნელოვან გეოპოლიტიკურ ზონებში მისი ინტერესების და მოკავშირეების შევიწროება, დასუსტება, ან სულაც განდევნა ლამის ტენდენციად ჩამოყალიბდა. მაშინ, როცა ამერიკული არწივი კვლავ ამაყად იღერებდა ყელს და ავტორიტარული ცენტრების გაძლიერების ტრენდს დროებით მოვლენად აღიქვამდა და მსოფლიო წესრიგისთვის ანგარიშგასაწევი საფრთხის კატეგორიაში არ განიხილავდა.
"თავის არ გაყადრებისა" და საკუთარ შესაძლებლობებში გადამეტებული რწმენის, დომინანტის ამბიციისა და ათწლეულების განმავლობაში, უმეტესად დამსახურებულად ნაკვები თავმოყვარეობა პატივმოყვარეობაში გადაიზარდა და რეალობას მოწყდა.
შედეგად, გამოკვეთილი სამხედრო თუ ეკონომიკური უპირატესობის მიუხედავად, თავისუფალმა სამყარომ მნიშვნელოვნად დათმო პოზიციები, რაც უპირველესად ჩვენს რეგიონში საქართველოსა და უკრაინაზე აისახა.
რთულია ტრამპის გადაწყვეტილებების პროგნოზირება. მისი სააზროვნო, ან ქცევითი ალგორითმის განუჭვრეტელობა დიდწილად აჩენს კიდეც შფოთვის საფუძველს სისტემური პოლიტიკის მიზეზშედეგობრივ ლოგიკაზე მომართული ინტელექტუალური საზოგადოებისთვის.
მაგრამ, რაც ამ წუთისთვის შეგვიძლია ვთქვათ, ჩვენი, როგორც ფორმალურად ჯერ კიდევ ამერიკის სტრატეგიული მოკავშირე ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია ტრამპის პერსონალური ამბიციის მასშტაბი მსოფლიოში ერთპიროვნულ დომინანტად თუ არა, მეორეხარისხოვან ძალის ცენტრად არ პოზიციონირებდეს, რაც ჩინელი სის და მასზე უკვე დიდწილად დამოკიდებული პუტინის ამბიციების მოთოკვას ნიშნავს. ასევე, ანგარიშგასაწევია ტრამპის მკაცრად ჩამოყალიბებული პოლიტიკის განგრძობადობის მოლოდინი ირანის თეოკრატიული რეჟიმის მიმართ და მისი დეკლარირებული განზრახვა, უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომის ფაზა დაასრულოს. რთული სათქმელია სურვილის მიუხედავად, შეძლებს თუ არა ტრამპი რეიგანობას, მაგრამ როგორც მინიმუმ მისგან ის ვიცით, თუ როგორ უყურებს მშვიდობის დამყარების პერსპექტივას - "Peace through Strength" - მშვიდობა ძალის გზით.. რეიგანის და რესპუბლიკელების პოლიტიკის ეს ფორმულა დიდი სამხედრო უპირატესობის და მისი გამოყენების ნების არსებობის პირობებში ეფექტურ დიპლომატიას გულისხმობს.
მოკლედ რომ ვთქვათ, ტრამპი არ არის დემოკრატიის, განსაკუთრებით მისი ლიბერალური ფრთის ვარსკვლავი, უფრო პირიქით - საფრთხობელაა. თუმცა მისი ქვეყნის შესაძლებლობები, პლუს ტრამპის ამბიციები არც ჩინეთის, არც რუსეთის და არც ირანის სტრატეგიულ თუ სიტუაციურ მოკავშირეებს კარგს არაფერს უქადის.
ერთპოლუსიანი მსოფლიო წლებია, ფაქტობრივად, აღარ არსებობს. დაცვითი პოზიციიდან ტრადიციულად შემტევ რეჟიმზე ვაშინგტონის გადასვლას, პირველ რიგში, ამ რეალობის გააზრება და აღიარება სჭირდება. ეს მტკივნეული, მაგრამ აუცილებელი პირობაა ამერიკის ახალი, სინამდვილეში ძველი როლის დაბრუნებისა და მისი პოლიტიკის ეფექტურობისთვის. ტრამპი ამ რეალობაზე თვალს ვერ დახუჭავს და როგორც ჩანს, არც აპირებს რომ დახუჭოს.
დასავლეთსა და არა საბჭოთა კავშირს, ამჯერად უკვე "გლობალურ სამხრეთს" შორის დაპირისპირება შტატების რეალური პოლიტიკის განმსაზღვრელ ფაქტორად იქცევა, რასაც აუცილებლად მოჰყვება თავისუფლების იდეისა და დემოკრატიის უპირატესობის იდეოლოგიური კომპონენტის აღორძინება და გაძლიერება.
მსოფლიო კვლავ ბანაკებად იყოფა. შეერთებული შტატები ამ გრძელ გეოპოლიტიკურ დაპირისპირებაში თავისი მოკავშირეების კოალიციას ჩამოაყალიბებს. გამყოფი ხაზებიც ამის მიხედვით გავლება - ვინ რომელ ბანაკშია და მზად არის, სტრატეგიული მოკავშირის სტატუსი გაამართლოს.
ახლა ფოკუსი ჩვენს საქართველოზე გავასწოროთ და დავფიქრდეთ - რას ნიშნავს ეს ამ ქვეყნისა და მისი ლეგიტიმაციის არმქონე და ჰაერში გამოკიდებული ხელისუფლებისთვის:
ამერიკელებთან და ევროპელებთან "გადამგდების" და ამერიკის მტრებთან მოკავშირის სახელდამკვიდრებულ უზურპატორს ორბანის იმედი აქვს. მსოფლიო გეოპოლიტიკა ორბანით და მისი მასშტაბის მქონე პოლიტიკოსის პირადი ურთიერთობებით რომ არ ყალიბდება, ამის ახსნას ბიძინას კერპთაყვანისმცემლებისთვის აზრი არ აქვს, სხვებმა კი ისედაც იციან, მაგრამ თუ მაინცადამაინც პირად ტელეფონზე დარეკვის უფლებაზეა, მაგ დროს საქართველოს მეგობარი ბრიტანელი ჯონსონი გაიხსენეთ, რომელიც ტრამპს მეგობრად მიაჩნია და რომელმაც აქაურ ოცნებას სინამდვილეში რუსული უწოდა, ხოლო მის ლიდერს პუტინის მარიონეტი და ძალაუფლების უზურპატორი.
თუ უფრო სერიოზულად ვიმსჯელებთ, რესპუბლიკელებისა და დემოკრატების ერთობლივი "მეგობარი აქტი" გაგვახსენდება და იმავე რესპუბლიკელების, მათ შორის კონგრესის სპიკერის მოწოდება თეთრი სახლისა და სახელმწიფო დეპარტამენტისთვის ივანიშვილისა და მისი გარემოცვის წინააღმდეგ მომზადებული სანქციების პაკეტის დაუყოვნებლივ ამოქმედებისკენ.
ბევრი რომ არ ვიმკითხავოთ, ჯობს იმაზე ვკონცენტრირდეთ, რასაც ახალი მოცემულობა გვიქმნის და რაც ჩვენზეა დამოკიდებული.
ახალი მოცემულობა კი ისაა, რომ ისე აღარ იქნება, როგორც წინა ადმინისტრაციისა და დემოკრატების დროს იყო. როცა, თუნდაც უკრაინას ეხმარებოდნენ, მაგრამ არა ისე, რომ პუტინი დამარცხებულიყო, როგორც მინიმუმ პუტინის გამარჯვებას ჩინეთის ამბიციების გასაღვივებლად ტრამპი არ დაუშვებს. ევროპასაც მოუწევს კიდევ უფრო მეტი ძალისხმევის ჩადება რეგიონალური უსაფრთხოებისთვის, ევროკავშირის საზღვრები გახდება გრძელვადიანად უფრო მყარი და დაცული. საქართველოს ჯერ კიდევ აქვს აქვს შანსი ამ პროცესში, არასასიამოვნო ტერმინია, მაგრამ ვერ გავექცევით - "ახალ გადანაწილებაში" დასავლეთის, ანუ თავისუფალი ქვეყნების ბლოკში ადგილი დაიმკვიდროს და მისი გრძელვადიანი უსაფრთხოება, დემოკრატიული წესწყობილება და კეთილდღეობა უზრუნველყოს.
ბიძინას აქვს ერთადერთი შანსი - პირველ ეტაპზე ორბანის მეშვეობით ტრამპთან "დალაგდეს", რისთვისაც ჩინეთი და რუსეთი უნდა გადააგდოს, ისრაელისათვის კრიტიკულ მომენტში ირანთან დემონსტრაციული სიახლოვის გამო გამოწვეული უკმაყოფილება რამით გაანელოს (არ ეყოფა, მაგრამ თეორიულად კობახიძეს "ხელები შეაწმინდოს" და სამაგალითოდ დასაჯოს).
მოკლედ ბევრი ფაქტორია, რომელიც ჩანს და ჯერ არც ჩანს. ის რაც ნამდვილად ჩვენზეა დამოკიდებული - თავად რა გვინდა და რისთვის ვართ მზად ვიბრძოლოთ?! ამის ჩვენება გვჭირდება უახლოესი კვირების და თვეების განმავლობაში და მაშინ საქართველოს შანსები მნიშვნელოვნად იზრდება.
ასე, რომ პასუხი კითხვაზე, ჩვენ რა უნდა ვქნათ? ვიგლოვოთ ტრამპის გამარჯვება, თუ ვიზეიმოთ? ასეთია - არცერთი და არც მეორე - ვიბრძოლოთ! თუ არ ვიბრძოლებთ, შანსი არ გვაქვს, თუ ვიბრძოლებთ დიდი შანსია, რომ საქართველო ევროკავშირის წევრი გახდება, დასავლურ დემოკრატიად და შეერთებული შტატების სტრატეგიულ მოკავშირედ არსებობას განაგრძობს.
ამას მარტო ვერ გავაკეთებთ, ამიტომაც ვეთანხმები ბევრისთვის ასევე საკმაოდ არაპროგნოზირებად საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს ტრამპისადმი მილოცვის საქმიან ნაწილში - "ჩვენი ძლიერი სტრატეგიული პარტნიორი და 33-წლიანი მეგობარი ახლა იმაზე საჭიროა, ვიდრე ოდესმე, რათა მხარი დაუჭიროს საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას, რეგიონული უსაფრთხოებისა და სტაბილურობის გაძლიერებას და ჩვენი თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის დაცვას".
ახლა ისე, როგორც არასოდეს, გვჭირდება, რომ ერთიანობა და შეუპოვრობა თავისუფლებისთვის ბრძოლაში ჩვენს ძლიერ პარტნიორებს პირველ რიგში, საქართველოდან ვანახოთ. სიყალბით ქვეყანა არ შენდება! ბრძოლა ხმის დასაბრუნებლად საქართველოსთვის გადამწყვეტია!რაც შეეხება ამერიკას - ვნახოთ - გახდება თუ არა ტრამპი ახალი რეიგანი ამერიკის და თავისუფალი სამყაროს მტრებისთვის. ამერიკული "მშვიდობა ძალის გზით" ბიძინას და მისი დიქტატორი მოკავშირეების ოცნების ახდენას ნამდვილად არ ნიშნავს.