გიორგი თარგამაძის ედიტორიალი: სპილოს კრუხობის იმედად?!

გიორგი თარგამაძის ედიტორიალი: სპილოს კრუხობის იმედად?!

1999 წლის 27 აპრილს საქართველო ევროპის საბჭოში გაწევრიანდა. დღეს 26 წელი გავიდა, რაც საქართველოს ცივილიზაციური არჩევანი ევროპულ პოლიტიკურ ინსტიტუტში გაწევრიანებით განმტკიცდა.

მრავალი თაობის ბრძოლა თავისუფლებისა და ქვეყნის უსაფრთხო დემოკრატიული მომავლისთვის პირველ მნიშვნელოვან შედეგში აისახა. საქართველო ევროპის პოლიტიკურ რუკაზე მოინიშნა. ძველი კულტურული ერის ახალგაზრდა ქართული სახელმწიფოს ნერგმა, კვლავ ევროპულ ნიადაგში დაიწყო ზრდა და განვითარება.

დრო დაგვჭირდა, რომ ჩვენი თავი ევროპელებისთვის ხელახლა გაგვეცნო, მათაც დრო დასჭირდათ, რომ ხელახლა აღმოვეჩინეთ, შევეყვარებინეთ და მისიანად მივეღეთ. პირველ დღეს ქართულად წარმოთქმული ეპოქის განაცხადი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომათა დარბაზში ეგზოტიკურად გაისმა. დღეს ევროპა უკვე აქ გველაპარაკება ქართულად და ჩვენთან ერთად ცდილობს ღრმა ქრისტიანული ფესვების მქონე საქართველო თანამედროვე დემოკრატიისა და კეთილდღეობის ევროპული სივრცის თანაზიარი და ღირსეული წევრი გახდეს.

ამისთვის ქართველმა ხალხმა დიდი ძალისხმევა გასწია, ბევრი ოფლი დაღვარა, საუკეთესო შვილების სიცოცხლე გაიღო და საქართველოს თავისუფალ, ევროპულ მომავლს ნიადაგში ფესვი ღრმად მოაკიდებინა.

ევროპელებიც არ დარჩენილან პასიურ პოზაში: ათწლეულებია, ევროპული ინსტიტუტებიდან და სახელმწიფოებიდან მომდინარე დახმარება და გვერდში დგომა იქცა იმ ჭიგოდ, რომელიც ამ, ჯერ კიდევ სუსტ ნერგს, წელი გაამაგრებინა, ჩრდილოეთიდან დანაბერი ქარიშხალის შედეგად მიყენებული ჭრილობები მოაშუშებინა და კიდევ უფრო სწრაფი ტემპით ზრდასა და გაძლიერებაში მიეხმარა.

ბოლოს ისე მოხდა, რომ ჩვენი დამსახურებისა თუ ბარბაროსების მიერ უკრაინაში დაწყებული ომის გამო, საქართველოს კიდევ უფრო დაახლოვების ამოცანა დაინახეს. ევროკავშირის კარი გაგვიღეს და გველოდებიან.

გველოდებიან ევროკავშირის პოლიტიკურ ოჯახში, რომლის ტერიტორიაც ევრაზიულ კონტინენტსა და მთელს მსოფლიოშიც, ამერიკელ მოკავშირეებთნ ერთდ ყველაზე უსაფრთხო და დაცულია; ეკონომიკურ გაერთიანებაში, სადაც ყველაზე მეტი, ყველაზე მაღალი შემოსავლისა და მსყიდველუნარიანი მოსახლეობა ცხოვრობს და სადაც სოციალური სტანდარტები, პენსიები, შემწეობები, ხელფასები ყველაზე მაღალია; საგანმანათელბლო და კულტურულ სივრცეში, სადაც ახალგაზრდების განათლება, მცირე ენებისა და კულტურების იდენტობის დაცვა მთავარი პრიორიტეტია; სადაც სამართალს ვერავინ გაამრუდებს რამდენი ფული და ძალაუფლებაც არ უნდა ჰქონდეს; შენზე გაუნათლებელს, კორუმპირებულსა და არაპროფესიონალს სამსახურში თავზე ვერავინ დაგასვამს და საჯაროდ გამოხატული კრიტიკის გამო "მგლის ბილეთით" სამსახურიდან ვერ გაგაგდებს; სადაც ყველაზე ნაკლებშემოსავლიანი ავადამყოფი ისეთივე სამედიცონო მომსახურებას მიიღებს, როგორც მთავრობის წევრი და პარლამენტარი; სადაც მინისტრები სამსახურში ველოსიპედებით დადიან, რომ ჰაერი უფრო სუფთა გახდეს და არა ბიზნესისა და ხალხის ჯარიმებიდან ამოღებული მილიონებით ნაყიდი ყველაზე ძვირი ჯიპებით; სადაც ყოველ ნაბიჯზე გრძნობ, რომ ღვთის ქმნილება, ღირსების მქონე ადამიანი ხარ და იმ სამყაროს ნაწილი, რომელმაც კულტურული, პოლიტიკური და სოციალური განვითარების, კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე მაღალ ნიშნულს მიაღწია.

დღეს საქართველოს ამ სამყაროში სრულუფლებიან წევრად გველიან. დღეს, ამ გზაზე მიღწეული პირველი მნიშვნელოვანი გამარჯვების 29-ე წელს ჩვენს ქვეყანასა და მის დელეგაციას, ცუდი ქცევის გამო, ევროპის საბჭოში მანდატი აქვს ჩამორთმეული. საქართველოს სახელით მოლაპარაკე ივანიშვილის რეჟიმი კი რუსების მსგავსად ევროსაბჭოს დატოვებით იმუქრება, თან ხალხის უნამუსო დაბოლებას აგრძელებს, რომ თურმე ვინმე ვიზალიბერალიზაციის სანაცვლოდ სუვერენიტეტისა და მეობის დაკარგვას გვთხოვს.

მართლაც ასეა, ოღონდ სინამდვილეში ეს ნიშნავს ძალაუფლების მიმტაცებელი კლანისთვის ქვეყნის ძარცვის "სუვერენული უფლების" ჩამორთმევას, ქართველი ახალგაზრდებისთვის განვითარების პერსპექტივის გახსნასა და რეგიონის წამყვან, ევროპული მოდელის სახელმწიფოდ ჩამოყალიბებას, ანუ "მეობის," ქართული იდენტობისა და ისტორიული გეოპოლიტიკური როლის დაბრუნებას.

ადამიანის ქმნილება დედამიწაზე არასოდეს იქნება იდეალური და უნაკლო. ასეთად არც ევროკავშირს გვთავაზობს ვინმე. ყველაფერი შედარებითია იმ მოაზროვნე, თუნდაც მორწმუნე ადამიანისთვის, ვინც კი არ ხვდება, ისტორიული გამოცდილებით და სწავლებით იცის, რომ მიწაზე სამოთხე არ იქნება. მაგრამ თუ სადმეა ადგილი დედამიწაზე, სადაც ადამიანი თავს თავისუფლად, დაცულად და ბედნიერად გრძნობს - ეს ევროკავშირია.

ევროკავშირის ალტერნატივად საქართველოსთვის რუსეთს, ან თუნდაც ჩინეთს როცა გვტენიან, სულ მიხეილ ჯავახიშვილის უბის წიგნაკში შემორჩენილი ჩანაწერი მახსენდება: - "სპილომ კრუხი გაჭყლიტა. წიწილები მოაგროვა, ზედ დააჯდა და უთხრა: ნუ გეშინიათ, პატარებო, ეხლა მე გაგიწევთ დედობასო..."

აი, ვინც ამ სპილოს იმედზე თავს იმყოფებთ და საქართველოს ევროსაბჭოდან და საერთოდ, ევროპიდან თვითიზოლაციას მშვიდად და მდუმარედ შეჰყურებთ, კი ხართ ღირსები დღეს, ევროპის საბჭოში საქართველოს გაწევრების 29 წლისთავზე გამოქვეყნებულ ბესიკ ხარანაულის ლექსის ადრესატებად იგრძნოთ თავი:

"თქვენი გინება ვიძახე,

რისხვამ უცებ

ამომხეთქა,

მაგრამ პირი არ დამეწვა,

- ამინ!

ყოველ მხრიდან მეთქვა,

- ამინ!

მეთქვა ბუნებისგან,

კაცთაგანაც

- ამინ!

მეთქვა,

თქვენი გინება ვიძახე,

მან მე

გული ამომრეცხა,

რაკი ყველა მიმოწმებდა,

გინებისა აღარ შემრცხვა.

თქვენს გინებას

გაიძახის

ერი, ბერი,

მინდორ-ველი,

მაგრამ თქვენ არც გეყურებათ,

არც თვალი გაქვთ

სახედველი,

ბრმას და ყრუს მე ვერ გავკურნავ,

ბოროტსაც მე ვერ ვუშველი,

ერთი ზმნაღა მეგულება,

მოქმედების აღმნიშვნელი."