
მოკვეთილი კიდურის ამოძრავების ინსტინქტის მსგავსად, მოკვეთილი ინსტიტუციების რეაქციებზე მოლოდინი ცოცხალი მეხსიერების შედეგია. დგება მომენტი, როცა ხვდები, რომ ის უბრალოდ აღარ არსებობს. მისგან აღარაფერს უნდა ელოდე.
ასეთია, მაგალითად, სახალხო დამცველის ინსტიტუტი. მისი არსებობის შესახებ აღარც კი გვახსენდება. აღარავინ მოითხოვს მისგან პოლიტიკური ლიდერის გატაცებისა და უკანონო დაკავების შემთხვევის შესწავლას, ვიდეოდაკვირვების ჩანაწერების გამოთხოვას, ან თუნდაც განცხადებას სტუდენტი გოგონების 12 დღით იზოლატორში გამოკეტვაზე.
უკანონობა და ტერორი ყოველდღიურობად იქცა. კანონი გადაიქცა არა წესრიგის, არამედ დასჯის და შიშის დასანერგ ინსტრუმენტად. აზრის თავისუფლად გამოთქმაც კი დასჯად ქმედებად კვალიფიცირდა. რუსეთიდან გადმოკოპირებული კანონები ქმნიან ჩარჩოს, სადაც სახელმწიფოსთან დაპირისპირება კი არა, რეჟიმის კრიტიკაც კი ასოცირდება პატიმრობასთან, უზარმაზარ ფინანსურ სანქციებთან და სამსახურიდან გათავისუფლებასთან.
სახელმწიფო აღარ იმართება ხალხისგან არჩეული წარმომადგენლების მიერ. ის მიტაცებულია, გაუკონტროლებელი და არც ერთი ინსტიტუტი აღარ ასრულებს გაწონასწორებისა და შეკავების როლს. ადამიანი მარტო რჩება მორალგამოცლილ და დაუნდობელ ძალაუფლებასთან.
ბოროტება, ავტორიტარული რეჟიმის სახით, ყოველდღიურობის ნაწილად და გარდაუვალობად იქცა — როგორც ამას ჰანა არენდი უწოდებდა — ბანალურობად.
ის, რაც დღესაც გვაქვს — მხოლოდ ხალხის მასობრივი სოლიდარობაა. ესაა ის უკანასკნელი რესურსი, რომელიც ჯერ კიდევ აგრძელებს წინააღმდეგობის ორგანიზებას. მაგრამ მას ყოველთვის არ შეუძლია შედეგის მიღწევა.
ჩვენს თვალწინ ყალიბდება ჰეგემონური საარჩევნო ავტორიტარიზმის მოდელი — ისეთი სისტემა, სადაც არჩევანი არის მხოლოდ ფორმალური, ხოლო პროცესი — კონტროლირებადი. აქ ჩნდება უმძიმესი დილემა:
მონაწილეობა ამ პროცესში შეიძლება აღქმულ იქნას, როგორც რეჟიმის ლეგიტიმაცია, მისი წესების მიღება.
არმონაწილეობა კი შესაძლოა ნიშნავდეს სრული განადგურების რისკს — ინფრასტრუქტურის, პოლიტიკური სახის, ხმის — ყველაფრის დაკარგვას, პოლიტიკური ველიდან გაქრობას...
სანამ ეს მოცემულობა მრავალწლიან ბანალურ რეალობად გადაიქცევა, საჭიროა ბრძოლის ფორმებზე საერთო სტრატეგიის ჩამოყალიბება.
მეორეს მხრივ, თუ აირჩევ ჰეგემონიურ არჩევნებში მონაწილეობის გზას და იტყვი: — „მოდი, იქნებ დროებით მაინც თავი ინსტიტუციურად გადავირჩინო, ზედაპირზე ვიყო და დაველოდო იმ დროს, როდესაც რეჟიმი ჩემგან დამოუკიდებელი ფაქტორების გამო დაკარგავს ჰეგემონურ გავლენას პოლიტიკურ ველზე და გაიხსნება ფანჯარა, როცა მე შევძლებ ჩემი როლი ვითამაშო.“
რათქმაუნდა, აქაც უზარმაზარი რისკებია.
პირველ რიგში — რეპუტაციული ზიანი. გამოდის, რომ ემორჩილები და შედიხარ იმ თამაშის წესებში, რომელიც ავტორიტარიზმის ჩარჩოებში გაქცევს და ფაქტობრივად სისტემური ოპოზიციის სტატუსის საზღვრებში მოქმედებ.
აღმოჩნდები ისეთი სიტუაციაში, როდესაც ამ ზიანის პარალელურად ვერანაირი გავლენის მოხდენას არსებულ სიტუაციაზე ვერ მოახერხებ. რეალური გადაწყვეტილებების მიღების ცენტრი ფორმალური ინსტიტუტებისგან და შენგან ძალიან შორს იქნება და მასზე გავლენის მოხდენის ბერკეტები ფაქტობრივად ნულზე დასული.
ეს სარისკო გადაწყვეტილება შეიძლება მიიღო ერთადერთ ვითარებაში, როდესაც შენ უკვე მყარად ხარ ჩამოყალიბებული, რომ ამ მოცემულობაში, დროის განჭვრეტად მონაკვეთში არსებული ხელისუფლების ცვლილების პერსპექტივას ვერ ხედავ და ამოცანას წარმოადგენს ინსტიტუციური გადარჩენა, შემდგომი ფაზის და შენგან დამოუკიდებელი ფაქტორების გაჩენის მომენტისთვის მზაობის შესანარჩუნებლად.
ანუ ვერც სამართლიანი პირობებით საარჩევნო არჩევნებს აღწევ, ვერც რევოლუციური სცენარის რეალიზების რესურსებს ხედავ, ან უბრალოდ თვლი, რომ ამ გზით არ უნდა იარო.
მაშინ გვრჩება ალტერნატივად დროებითი გამოსავლის პოვნა, თუმცა აქ ჩნდება ყველაზე დიდი კითხვის ნიშანი: — რამდენად დროებითი იქნება მოცემულობა? და მეორე — ამ დროებითობის გათვალისწინებით, ინსტიტუციური გადარჩენა აღმოჩნდება თუ არა საკმარისი წინაპირობა პოლიტიკური კაპიტალის იმ დონეზე შესანარჩუნებლად, რომ რეალური პოლიტიკური პროცესის განახლების პირობებში შენ პოლიტიკური წონა და გავლენა დაიბრუნო და გააძლიერო.
ანუ არჩევანი ცუდსა და ძალიან ცუდს შორისაა!
ყოველ შემთხვევაში ახლა, ამ მომენტში, რომელიც შეიძლება შეიცვალოს. და აი, რა ფაქტორებია ისინი, რომლებიც ასეთ საწყის პოზიციებს ფუნდამენტურად შეცვლის — ამაზე უნდა ფიქრობდეს და თანხმდებოდეს ყველა, ვისაც მომავლის ბედი აწუხებს და არა სხვა პარტიის მაქსიმალურად დაზიანების ამოცანა.
და თუ ოპოზიციის მთავარი ამოცანა არა ერთმანეთის დასუსტება, არამედ მომავლის ხელმისაწვდომობაა — არასდროს არის იმდენად გვიანი, რომ ერთმანეთის წინააღმდეგ ბრძოლა ხალხისთვის ბრძოლით ჩანაცვლდეს.
რას უნდა დაეყრდნოს ეს ბრძოლა? ნობელის პრემიის ლაურეატის, პოლონური „სოლიდარობის“ ლიდერის, ლეხ ვალენსას სიტყვები გავიხსენოთ:
„ჩვენ გავიმარჯვეთ მაშინ, როცა მივხვდით, რომ სოლიდარობა არ არის მხოლოდ ლოზუნგი — ის სტრატეგიაა, რომელიც განსხვავებულებს აერთიანებს.“