გიორგი თარგამაძის ედიტორიალი: ფერუმარილის დროც დამთავრდა - დიქტატურა მოდის!

გიორგი თარგამაძის ედიტორიალი: ფერუმარილის დროც დამთავრდა - დიქტატურა მოდის!

ფერუმარილის დროც დამთავრდა - დიქტატურა მოდის!

რეჟიმი სტახანოვური ტემპით ავტორიტარიზმის კონსოლიდაციას განაგრძობს. დემოკრატიულობანასა და მედასავლეთეობის თამაშის ყველა ელემენტი ჩაიხურა და ახლა უკვე გადაჭარბების გარეშე, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქვეყნის მიტაცების შედარებით რბილი ფაზა დამთავრდა და ძალადობრივი კონტროლის ქვეშ აყვანის სპეცოპერაცია ძალას იკრებს.

სამოქალაქო უფლებების შეზღუდვა, არჩევნების მანიპულაცია, სახელმწიფო ინსტიტუტების კლანური დაქვემდებარება, პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ რეპრესიები, პოლიტიპატიმრების სიმრავლე, ფინანსურ რესურსებზე კონტროლი, აქტივისტების, პოლიტიკოსების, ჟურნალისტების მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორება... ავტორიტარიზმის კლასიკურ მოდელს ერთი ფორმალური ნიშანიღა აკლდა - კრიტიკული ტელევიზიები ეთერში და ონლაინმედიის ფუნქციონირებადობა.

დღეს ცნობილი გახდა, რომ ავტორიტარიზმის სრული კონსოლიდაციისთვის საჭირო ეს ბოლო სეგმენტიც მასშტაბური დარტყმის ქვეშ აღმოჩნდება:
რეჟიმი ახალ რეპრესიულ კანონს, ამჯერად, მედიის სრული კონტროლისთვის აანონსებს.

„ხვალიდანვე დავიწყებთ მუშაობას და დაინიცირდება მედიის კანონი, რომელსაც მივიღებთ ბრიტანული მოდელისა და კანონმდებლობის შესაბამისად. კანონით დადგინდება მედიის ობიექტურობის, აგრეთვე, ჟურნალისტური ეთიკის სტანდარტები, განისაზღვრება აღნიშნული სტანდარტების მონიტორინგის და დაცვის ინსტიტუციური მექანიზმები.შეიზღუდება მედიასაშუალებების დაფინანსება უცხოური წყაროებიდან. ბუნებრივია, ეს არ შეეხება კომერციული რეკლამიდან მიღებულ და სხვა ამგვარ შემოსავალს“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

როგორც მდინარაძე ამბობს, ასევე მიიღებენ ამერიკული FARA-ს დღეს მოქმედი რედაქციის პირდაპირ ასლს, ვინაიდან მისი თქმით, შარშან მიღებული ჯერ რუსული კანონი სრულფასოვნად არ ამოქმედებულა.

რატომ აკეთებს ამას რეჟიმი ახლა, თან ასეთი დაჩქარებული ტემპით?
ვაშინგტონში პრიორიტეტების დიდი გადალაგების ფაზაა, ეს ცხადია საგარეო დახმარებების მიმართულებასაც ეხება, რაც, შედეგად, არამარტო საქართველოში, მათ შორის, მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების დახმარებას დროებით აპაუზებს. პარალელურად, ევროკავშირისგან, მართალია დაანონსდა, მაგრამ ჯერ კონკრეტული გადაწყვეტილებები არაა მიღებული მის სტრუქტურასა და დაფინანსების მიღების ფორმებზე. ოცნება ტემპს აჩქარებს, ცდილობს წინასწარვე შექმნას ისეთი არათუ ფილტრები - ფაქტობრივად ჯებირები, რომელიც თავისუფალ სამყაროს საქართველოში - თავისუფლებისთვის მებრძოლ ინსტიტუტებთან და ადამიანებთან წვდომას არ მისცემს. მარტივად რომ ვთქვათ: საქართველოში კრიტიკული მედია ბოლომდე უნდა მოიგუდოს - ერთის მხრივ ფინანსების არ ქონის, მეორეს მხრივ ცენზურის ინსტიტუციონალიზაციის გზით და მისი არსებობისა და მოქმედების არეალი მკვეთრად შეიზღუდოს.

ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ რეჟიმმა ევროკავშირთან ურთიერთობის რეკონსტრუქციის ყველა იმედი დაკარგა, აღარც შტატების ახალი ადმინისტრაციისგან დარჩა ხელჩასაჭიდი ხავსი და, შესაბამისად, აღარც იმ უხარისხო ფერუმარილის ჩამორეცხვა ადარდებს, რომლის მიღმაც რუსული ყაიდის მახინჯი დიქტატურის სახე აქამდე მხოლოდ ილანდებოდა.

ივანიშვილის ეს იმედგადაწურულობა, როგორც ჩანს, ტრამპის და მისი საგარეო პოლიტიკის სულ უფრო მკაფიო კონტურებმა და მოსკოვიდან მიღებულმა ძალიან კონკრეტულმა სიგნალმაც განაპირობა.

„ამერიკა უპირველეს ყოვლისა“ კონცეფციაზე გადასვლა, თავის თავში საგანგაშოა, რამდენადაც ჰიტლერის პერიოდის დევიზთან „გერმანია უპირველეს ყოვლისა“ აქვს მსგავსება. „ძალის საშუალებით მშვიდობის დამყარებაზე“ ფსონის დადებამ კი შესაძლოა საბოლოოდ დაასამაროს დიპლომატია“ — სერგეი ლავროვი

მოსკოვში, ტრამპთან თავისი პირობებით დალაგების არამარტო იმედი გადაეწურათ, არამედ კონფრონტაციის ისეთ ხარისხზე ფიქრობენ, სადაც მისი ჰიტლერთან შედარებაც კი საჭიროდ მიაჩნიათ. შეგახსენებთ - განცხადება, რომელიც ახლა გაგაცანით ვინმე დუგინს ან პროხოროვს კი არ ეკუთვნის - პუტინის საგარეო საქმეთა მინისტრის ლავროვის სიტყვებია.

და ამ ფონზე, ადგილობრივი ყვარყვარე სრული დიქტატურისთვის ემზადება - არავისგან ნაღიარები ერთპარტიული პარლამენტით, არალეგიტიმური მთავრობით, კლანური მართლმსაჯულებით, კრიმინალურ ვერტიკალად გადაქცეული, ხარებას ოპრიჩნინის მიერ დაშინებული ძალოვანი სისტემით, კორუფციულ ხლართში ჩათრეული დიდი ბიზნესით და ვახსენოთ აქაც - პოლიტპატიმრებით გადავსებული ყვარყვარეს ციხით.

რა აკლდა დაშინების, დევნის, რეპრესიის, დეზინფორმაციის, უსამართლობის კანონებად გადაქცევისა და ბოროტების ლეგალიზაციის მომწამლავი ნაზავით გამომცხვარ რეჟიმს - უამრავი პრობლემებისა და დევნის მიუხედავად, ჯერ კიდევ მფეთქავი მედია. და, აი, ისიც - ფინანსური მოგუდვა და ცენზურა!

რა მოხდება? რთულია პროგნოზი, თუმცა პროცესის ესკალაცია დასასრულს დააჩქარებს. ესკალაციაც სწორედ იმიტომ ხდება, რომ დაბნეულობის, უიმედობის, უპერსპექტივობის განცდამ დაგვიპყროს და ჩამოგვშალოს. წინააღმდეგობას ქვეყნის შიგნით, მდგრად და განგრძობად პროტესტს, პროტესტის ფორმებში სიახლეებს, რამდენიმე ნაბიჯით წინ ყოფნას, პლიუს საერთაშორისო წნეხის ზრდას შედეგი გარდაუვლად მოჰყვება.
ბოლოს ყველაფერი იქნება ძალიან კარგად, თუმცა მზად უნდა ვიყოთ იმისთვის, რომ მანამდე ბევრი რამ შეიძლება ძალიან ცუდად იყოს.