გიორგი თარგამაძის ედიტორიალი: მუმლი მუხასაო…

გიორგი თარგამაძის ედიტორიალი: მუმლი მუხასაო…

26 მაისი — თავისუფლების ფასი და ეროვნული გამძლეობა.

საქართველოს ისტორია უმეტესწილად არის თავისუფლებისთვის ბრძოლის ისტორია — ხანგრძლივი, მძიმე და ხშირად მტკივნეული. 26 მაისი კი ის დღეა, როდესაც ჩვენს თავს ვეკითხებით: გავუძელით? გავიმარჯვეთ? ვცხოვრობთ თავისუფალ ქვეყანაში, თუ ჯერ ისევ გზაში ვართ?

თავისუფლების მტრები სხვადასხვა სახით მოდიან. ზოგი ღიად უპირისპირდება ჩვენს დამოუკიდებლობას, ზოგი უფრო ფრთხილად — გვერდიდან უვლის, ტერმინებით თამაშობს, ეკონომიკური უპირატესობებით მანიპულირებს, იდენტობის დაკარგვის შიშის დანერგვით ცდილობს ნებისა და წინააღმდეგობის გატეხვას. მაგრამ ყველაზე რთულად ამოსაცნობი და გასანეიტრალებელია მტრის და მტრობის ის ფორმა, რომელიც შიგნით იბუდებს — თანამემამულე, რომელიც ფინანსური გამორჩენის გამო, თუ შიშებით ნაკვები სტრესის გამო ცდილობს მტერთან კაპიტულაციის გამართლებას.

კოლაბორანტობა ყოველთვის ერთიდაიმავე გზავნილებით მოქმედებს — ვითომ ეროვნული ინტერესების დაცვის სახელით, ვითომ მშვიდობის შენარჩუნების მოტივით, ვითომ ეროვნული იდენტობის გადარჩენის დროშით.
ჩვენს დროებაში ეს იარაღი, რუსეთის შხამით ნაზავი, რუსულივე ფულითა და ტექნოლოგიით ნაკვები უზარმაზარი მორევია, რომელიც თავისუფლების იდეის განდევნას, ეროვნული ღირსების დაკნინებას და საკუთარი ხალხის ნიჰილიზმით ინფიცირებას ცდილობს.

ისინი, ვინც მეგობრისადმი ნდობას გვაკარგვინებენ და მოსისხლე მტერს იმედის წყაროდ გვასაღებენ, ცდილობენ დაგვარწმუნონ, რომ ფიზიკური გადარჩენა და მონის სალაფავი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე თავისუფალი სული.

მაგრამ ქართველი ხალხის მეხსიერება ღრმაა და, როგორც ჩვენს წინაპრებს საუკუნეების წინ უთქვამთ, გადარჩენის და გამარჯვების ფორმულა საკუთარი თავის ერთგულებასა და სიმტკიცეშია. აბა, გავიხსენოთ:

„მუმლი მუხასაო
გარს ეხვეოდაო,
მუმლი ჰქრებოდაო,
მუმლი წყდებოდაო,
ხე არ ხმებოდაო.
მუმლი მუხასაო
გარს ეხვეოდაო,
მუხა დამძიმდაო,
წყალში ჩავარდაო.
წყალი შეგუბდაო,
ნაპირს გადვიდაო,
მუმლი შეწუხდაო,
მალე დაიხრჩვაო,
მუმლი დაიხრჩვაო,
მუხა გადარჩაო.“

ეს ლექსი, რომელიც ბავშვობაში ყველას გვასწავლეს — ვიცით, რომ ხალახურია, ქართველი ადამიანის კოლექტიური და ინდივიდუალური სიბრძნე და გამოცდილება ამბობს, რომ ღირსება და სიმტკიცეა ბოლოს მაინც არამარტო გადარჩენის, ეროვნული იდენტობის შენარჩუნების და კეთილდღეობის გზა.

26 მაისი მხოლოდ განვლილი ბრძოლების გახსენება კი არაა — მომავლის განსაზღვრის შესაძლებლობაა. არჩევანი კვლავ ჩვენს ხელშია: მუხად დავრჩებით, თუ ვიქცევით მუმლად, რომელიც საკუთარ სიმსუბუქესაც ვერ უძლებს.

ამიტომ 26 მაისთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას — გავუძელით? გავიმარჯვეთ? თუ ისევ გზაში ვართ? — პასუხი ასეთი აქვს: სანამ ვუძლებთ, ვიბრძვით და გზაში ვართ, მანამდე გამარჯვებულები ვართ და ვიქნებით!