ქართული ოცნება ისე კი არ იქცევა, თითქოს გაუვიდათ, რუსული კანონი ბოლომდე მიღებულია და მოქმედებს. არა.. უარესად.. იქცევა ისე, თითქოს არც კონსტიტუცია, არც კანონი, არც რეგლამენტი.. და საერთოდ - არც არანაირი ეთიკის ნორმა ამ ქვეყანასა და საზოგადოებაში აღარ მოქმედებს. ოცნება გვეუბნება, რომ კობახიძე და ღარიბაშვილი დაარქმევენ აგენტს და ჯაშუშს იმას, ვისაც საჭიროდ ჩათვლიან, ოლიგარქად მონათლავენ, ვინც ძალაუფლების უზურპაციაში ხელს შეუშლის, დიტო სამხარაძეს მიუგდებენ საჯიჯგნად ცნობილ ადამიანებს, თუ უცნობ სტუდენტებს და საერთოდაც, ამ ქვეყანას აქცევენ იმად, რა წარმოდგენაც თავის ხალხზე ივანიშვილს აქვს - არათუ პოლიტიკური კულტურის, ეთიკური ნორმებისგან დაცლილ ველურ სივრცედ, რომ ცივილიზებულ სამყაროს აქეთ გამოხედვის სურვილიც კი აღარ გაუჩნდეს.
მარტის აქციების შედეგად ხელისუფლებამ მწარე გაკვეთილი მიიღო. თუმცა ეს გაკვეთილი არა დემოკრატიის, თავისუფლების და ქვეყნის უკეთესი მომავლის სასარგებლოდ, არამედ მის საწინააღმდეგოდ მუშაობს. ოცნებამ დაინახა, რომ რეპრესიულმა მანქანამ და სუს-ის კრებსებში დადასტურებულმა შანტაჟის კამპანიამ მისია ბოლომდე ვერ შეასრულა. როდესაც საკითხი ასე დადგა: თავისუფლება და ევროპული კეთილდღეობა თუ რუსეთის მონობა, შედარებით ნეიტრალური პოზიციის მქონე უმრავლესობამ, საჯარო მოხელეებმა, მასწავლებლებმა თუ სტუდენტებმა, არა მხოლოდ ცხადი არჩევანი გააკეთეს, არამედ მის დასაცავად რუსთაველზე დადგნენ.
რუსული კანონის ჩაგდებით ხელისუფლებამ უკან დაიხია, თუმცა მას არც განზრახვა შეუცვლია და არც მიზანი. დღეს სრულიად ნათელია, რომ ივანიშვილისთვის პროცესის კონტროლქვეშ დაბრუნების სტრატეგია, მეტი აგრესია და რეპრესიაა. სწორედ ამის მანიშნებელია კობახიძისა და ღარიბაშვილის განცხადებები იმის შესახებ, რომ პროტესტის ახალგაზრდა მონაწილეებს პასუხს მკაცრად აგებინებენ; უკვე დაწყებულია მომიტინგეების სათითაოდ დამუშავებისა და დაჯარიმების მიზანმიმართული პროცესი; კიდევ უფრო გახშირდა და გამწვავდა ანტიევროპული და ანტიამერიკული განცხადებები, კოლექტიური დასავლეთი კი ლამისაა ქვეყნის ოფიციალურ მტრად გამოცხადდა. პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს სტუდენტების გაშავების კამპანია, რომლებსაც მოსყიდულებად და ნაცმოძრაობის აქტივისტებად აცხადებენ; მთელი ეს პროცესი კი გუშინ, ქართული ჟურნალისტიკის დღეს მოძღვნილი საჩუქრით - ფორმულას დამფუძნებლის გამამტყუნებელი განაჩენით დაგვირგვინდა, რითაც კრიტიკულ მედიასთან ბრძოლა ახალ ფაზაში გადავიდა.
რეპრესიების ახალი ტალღაა მოსალოდნელი კულტურისა და განათლების სფეროშიც, რომელიც სერიოზულ გავლენას ახდენს საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბებაზე. დღეს ხელისუფლების ამოცანაა განათლების სისტემიდან ურჩებისა და "პრობლემების შემქმნელების" ბოლომდე გაწნეხვა. ასეთმა ადამიანებმა ან უნდა დატოვონ სისტემა, ან გადავიდნენ შინაგან ემიგრაციაში და მათი მაგალითი სხვებისთვის ენთუზიაზმის განელების და შიშის გამაძლიერებლად იქცეს. სწორედ ამას ემსახურება განათლების მინისტრად ამილახვარის დანიშვნა, რომელსაც მუდმივ ზეწოლასა და პრობლემებში ეყოლება უმაღლესი სასწავლებლები და სუს-თნ ერთად, უკვე ნაცნობი და ჩვენ მიერ გამოქვეყნებული დანაშაულებრივი რეპრესიული სქემის მეშვეობით, სერიოზულად გაზრდის წნეხს საჯარო სკოლების დირექტორებსა და მასწავლებლებზე.
ამდენად, მარტის საპროტესტო აქციები და მასზე რეაქცია არამარტო ხელისუფლებისთვისაა საყურადღებო - ოპოზიციამ, სამოქალაქო სექტორმა და კრიტიკულად განწყობილმა საზოგადოებამაც დროულად უნდა გამოიტანოს დასკვნები. რუსული კანონის პირველი მოსმენით მიღებისთვის ივანიშვილს პოლიტიკური ფასი ჯერ არ გადაუხდია. ყველა ის ადამიანი, რომელიც ამ კანონს ლობირებდა და ემხრობოდა, იქნება ეს კობახიძე, ღარიბაშვილი თუ ის 78 დეპუტატი, რომლებმაც საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ მისცა ხმა, კვლავაც თანამდებობებზე რჩებიან. ნაცვლად იმისა, რომ პატრონს ამ ადამიანების ჩანაცვლება დაეწყო, ისე როგორც გავრილოვის ღამის შემდეგ გააკეთა, ის ასეთ დათმობაზე არ წავიდა. რაც იმას ნიშნავს, რომ ივანიშვილი უკანდახევას არ აპირებს, ან, დიდი ალბათობით, უკან დასახევი აღარც აქვს. ის უბრალოდ მიხვდა, რომ მისი ხელისუფლება მოსახვევში სერიოზულად მოსრიალდა, თუმცა გადარჩა, რადგან კანონის უკან გაწვევით მუხრუჭი დროულად აამოქმედა. დანიშნულების ადგილი - რუსული გაჩერება და რუსული მმართველობითი მოდელი იგივეა. ამიტომ მუხრუჭს ფეხს ნელ-ნელა უშვებს და აქსელერატორს აწვება.
ოპოზიციურად განწყობილი ჯგუფებისთვის უკიდურესად მნიშვნელოვანია ბოლომდე გააცნობიერონ, რომ მილიარდერმა საბოლოო არჩევანი გააკეთა, შემობრუნების წერტილი საბოლოოდ გავლილია. პოლიტიკური პროცესი გადამწყვეტ ფაზაში შედის, სადაც ხელისუფლების მხრიდან ძალაუფლების შენარჩუნებისთვის სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა უკვე დაწყებულია. ივანიშვილი უბრალოდ წუთშესვენებას იღებს იმისთვის, რომ "ხმალი", რომელიც რეჟიმის სახით ხელში უპყრია, კარგად ალესოს, რომ შემდეგ კვლავ შეტევაზე გადავიდეს და ერთი მოქნევით პოლიტიკურ ოპოზიციას, სამოქალაქო საზოგადოებასა თუ კრიტიკულ მედიას თავები დააყრევინოს.
ამიტომაცაა მნიშვნელოვანი - წინააღმდეგობის მოძრაობა, რომელსაც ხელისუფლებამ 7-8 მარტს ვერაფერი მოუხერხა, არა ცენტრალიზებულად, არამედ დეცენტრალიზებულად იმართებოდეს. და მიუხედავად იმისა, რომ საპროტესტო სხეულის ერთიანობა უკიდურესად მნიშვნელოვანია, მას მრავალი თავი ჰქონდეს. თავდაცვის საუკეთესო საშუალება კი თავდასხმაა, ამიტომ კრიტიკულად განწყობილი საზოგადოება ხელისუფლების მხრიდან მორიგ თავდასხმას არ უნდა დაელოდოს და თავად შეუტიოს. ამ შეტევის მთავარი ხაზი კი ოცნების მხრიდან ევროკავშირის მოთხოვნილი 12 პუნქტის სწრაფ და სრულფასოვან შესრულებაზე, კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებელ გარანტიებზე უნდა გავიდეს. ეს არის კიდეც საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფების გამაერთიანებელი ეროვნული იდეა, და სწორედ ამ იდეის მხარდაჭერა თუ საბოტაჟი განსაზღვრავს მომავალ ნაბიჯებს, რომელიც რიგგარეშე არჩევნების, თუ სხვა პოლიტიკური, კონსტიტუციური რესურსების ამოქმედებაში გამოიხატება. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ვითარების შესაფასებლად და პასუხების საპოვნელად, მხოლოდ იმის შეხსენებაც საკმარისია, რომ ოცნების პარლამენტი სავსეა ხალხით, რომელთა გვარებს მარტო მაშინ იგებთ, როცა რუსულ კანონს იღებენ, ან მიკროფონებით კოლეგებს საცემრად დასდევენ, გაიხსენეთ, რომ ოცნების პარლამენტის სახე დიტო სამხარაძეა, ოღონდ არა მათზე გასაბრაზებლად, იმ კაცის წარმოდგენებსა და თვისებებზე საბოლოო აზრის ჩამოსაყალიბებლად, ვინც ასეთებით ქართულ პოლიტიკას აკეთებს და კიდევ ერთხელ მივხვდებით, რომ ბიძინას პოლიტიკაში ერთი წვეთიც აღარ არის ქართული.