ზუსტად 11 წელის წინ, პრეზიდენტმა სააკაშვილმა არჩევნებში დამარცხება აღიარა, ძალაუფლება მშვიდობიანად დათმო და ქვეყნის მართვის სადავეები ივანიშვილს გადააბარა. საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის მთავარი მოლოდინი, მეტი კეთილდღეობისა და სამართლიანობის გარდა, საერთო ეროვნული იდეის გარშემო კონსოლიდაციით ქვეყნის განვითარებისთვის ახალი ბიძგის მიცემა იყო.
ოცნების 11-წლიანი მმართველობის შედეგად ამ მოლოდინის აბსოლუტურად საწინააღმდეგო შედეგი მივიღეთ: არაეროვნული იდეის გარშემო ყოვლისმომცველი კონსენსუსი, არამედ უკიდურესი კონფრონტაცია. ანუ მკვეთრად და ხელოვნურად პოლარიზებული, ადამიანის ყველაზე დაბალ ინსტინქტებზე დაფუძნებული სახელმწიფო მართვის ავტორიტარული მექანიზმი, აქცენტით მუდმივ დაძაბულობაზე, მორალის დესტრუქციასა და მერიტოკრატიის პრინციპებზე დაფუძნებული სახელმწიფო ინსტიტუტების ჩამოშლაზე. ქართული პოლიტიკა კვლავ იქცა გლადიატორების არენად, სადაც წესების გარეშე ბრძოლაში გამარჯვებულს ყველაფერი მიაქვს, დამარცხებულისთვის საარსებო სივრცეც კი აღარ რჩება.
ივანიშვილის მმართველობისას განსაკუთრებული აგრესიით მობრუნდა უკიდურესად საშიში ვირუსი, რასაც სამოქალაქო დაპირისპირების საფრთხე და სოციალური ნდობის სრული ეროზია ჰქვია და შექმნა კრიზისები, რომლებმაც ქვეყნის უსაფრთხოებას თუ კეთილდღეობას ფუნდამენტური პრობლემები შეუქმნა. არადა იყო მოლოდინი, რომ ხელისუფლების დემოკრატიულად და მშვიდობიანად ცვლილების შემდეგ, ქართული სახელმწიფო განვითარებისა და დასავლეთთან ინტეგრაციის თვისობრივად ახალ ეტაპზე გადავიდოდა.
რესურსი და შესაძლებლობა ნამდვილად არსებობდა. საზოგადოების მართლაცდა "ჭარბი ნდობით” ხელისუფლებაში მოსულ ივანიშვილის ქართულ ოცნებას, ეს ნდობა ბოროტად რომ არ გამოეყენებინა. საარჩევნო დაპირებები - მტკნარი სიცრუე და საბოლოო ჯამში ერთი ძალიან მდიდარი და ახირებული ადამიანის "ტრიუკი" აღმოჩნდა. "ტრიუკი", რომლის მიზანიც ქართული სახელმწიფოს ჩამოშლა, მისი სრულად მიტაცება, საქართველოში რუსული ინტერესების გატარება და კრემლის წესრიგის დამყარებაა.
ყველაზე დიდი უბედურება კი მაინც ისაა, რომ ივანიშვილის ხელისუფლებამ სიძულვილი სახელმწიფო იდეოლოგიისა და პოლიტიკის რანგში აიყვანა. მმართველი ძალის პროპაგანდისტულ-დეზინფორმაციული მანქანა მუდმივად აღვივებს ზიზღს, რომელიც არა რეალური მტრის: რუსეთის, კორუფციის, ნეპოტიზმისა თუ ძალადობის წინააღმდეგაა მიმართული, არამედ იმ ადამიანების, საზოგადოებრივი ჯგუფებისა თუ საერთაშორისო პარტნიორების, რომლებიც ხელისუფლებაში მყოფი ნებისმიერი პროგრესული ძალისთვის, ნამდვილ მტერთან ბრძოლაში, მთავარი მოკავშირეები არიან. ნაცვლად იმისა, რომ შედეგად მიგვეღო ეროვნული ინტერესებით მოქმედი ხელისუფლება, რომელიც ყველა წინანდელი მმართველის შეცდომებს გამოასწორებდა, მიღწევებს კი განავითარებდა, სახეზე გვყავს რუსეთის ჯაშუშებით დაკომპლექტებული ძალაუფლების ცენტრი, რომელთანაც მშვიდობიანი თანაცხოვრება, ამ ქვეყნის უამრავი განათლებული და პატრიოტი ადამიანისთვის თითქმის შეუძლებელია. ქართული ოცნება დღეს რენეგატი პოლიტიკური ძალაა, რომელიც ღიად ღალატობს საქართველოს ეროვნულ ინტერესებს და მოქმედებს მტრული სახელმწიფოს ბრძანებებისა და ინტერესების შესაბამისად.
ქვეყანა ქვევრშია! და მასში ქართული სახელმწიფოს საკურთხეველზე მისატანი ზედაშეს ნაცვლად საწამლავი დუღს. რაფალიანცით დაწყებული ტრაგედია, დღეს, ამერიკელების მიერ საქართველოში მიწისძვრის პროვოცირების მითით გრძელდება, გრძელდება სამთავრობო არხებით, სახელმწიფო პოლიტიკის დონეზე. რუსული პროპაგანდისტული ნოვიჩოკი უკვე არა ღრიჭოდან - ყველა სამთავრობო არხიდან და ტრიბუნიდან წამლავს ქართველების გონებას... ქვეყანა რუსულ ჭაობში იძირება..
ამ მძიმე შედეგზე პასუხისმგებელია ყველა: ის, ვინც ნებით თუ უნებლიედ მიიღო მონაწილეობა ოცნების ხელისუფლებაში მოყვანაში, თან ისე რომ ყველა შემაკავებელი მექანიზმი გაანეიტრალა; ან ის, ვინც საკუთარი პასიურობით, ან მიამიტობით ხელი შეუწყო ძალაუფლების სრულ უზურპაციას. ისინიც, ვინც საკმარისი თავგანწირვით ვერ იბრძოლეს მტერთან მოთანამშრომლე ხელისუფლების დროულად ჩამოსაცილებლად… ამ სავალალო შედეგზე ყველა სხვადასხვა დოზითაა პასუხისმგებელი, თუმცა, ყველა ერთნაირად ვართ ვალდებული ვიბრძოლოთ იმისთვის, რისი გამოსწორებაც ჯერ კიდევ შეიძლება, და რის გარეშეც ქართული სახელმწიფოს გადარჩენა უბრალოდ წარმოუდგენელია.