ამ დღეებში, ჩემი სიდედრის მიერ მოყოლილი ძველი და სასაცილო, ან კურიოზული ამბებიდან ერთი აქამდე უცნაური და დაუჯერებელი ისტორია გამახსენდა. მოკლედ, გაგანია საბჭოთა კავშირის დროს, ახალგაზრდების ერთი ჯგუფი, ტურისტული საგზურით შემთხვევით აღმოჩნდნენ ჩრდილოეთ კორეაში. დედაქალაქ ფხენიანში კიმ ირ სენის და კიმ ჩენ ირის უზარმაზარი პორტრეტების თვალიერებისა და ერთნაირად ჩაცმული და რობოტებივით მოძრავი ხალხის ერთკვირიანი დაკვირვების შემდეგ ქართველების უმრავლესობას ღრმა დეპრესია დაემართა და ძირითად დროს სასტუმროში ატარებდნენ. ერთ ,,მშვენიერ“ ჩრდილოკორეულ დილას, ახალ გაღვიძებულზე, ტელევიზორებიდან ნაცნობი ჰანგები, კიდევ უფრო ზუსტად იმ დროისთვის ძალიან პოპულარული ქართული ფილმის ,,ჭრიჭინას“ სიმღერის ხმა და ქართული დიალოგები შემოესმათ.. ისედაც დასტრესილ მდგომარეობაში მყოფებმა რა აღარ იფიქრეს - მოლანდებების ჩათვლით.. თუმცა აღმოჩნდა, რომ არაფერი მოლანდებიათ - დედამიწის ყველაზე იზოლირებული ქვეყნის ერთადერთი და რა თქმა უნდა სახელმწიფო ტელევიზია საბჭოთა, ამ შემთხვევაში ქართულ მუსიკალურ კომედიას გადმოსცემდა.
როგორც ჩემი სიდედრი იხსენებს, ამ ეპიზოდმა ფსიქოთერაპიის ეფექტი მოახდინა აზიატური მარქსიზმის შუაგულში მოხვედრილ ქართველებზე და სახლში დაბრუნებამდე ხასიათი ოდნავ მაინც გამოუკეთა, იმის შეგრძნებით, რომ ბრეჟნევის უძრაობის ხანაში ჩარჩენილი საბჭოთა საქართველოც კი შეუდარებლად მომხიბვლელად გამოიყურებოდა, ვიდრე საბჭოთა კავშირისა და ჩინეთის მიერ ზურგგამაგრებული კიმების ერთპიროვნული დინასტიის ექსპერიმენტი - ჩრდილო კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკის სახით.
23 მილიონიან ქვეყანას 1948 წლის შემდეგ ტოტალიტარიზმის ბევრი გამოვლინება აქვს ნანახი, მაგრამ ახალგაზრდა, პუტკუნა დიქტატორის სისასტიკემ მამისა და ბაბუის დაუნდობლობასაც გადააჭარბა... მაგალითად: კიმ ჩენ ინის ბრძანებით ადამიანების დახვრეტები პირდაპირ ეთერში გადაიცემა.
ეს ქვეყანა არის საქართველოს მთავრობის მიერ მტრად გამოცხადებული დასავლეთის, ანუ თავისუფალი, ცივილიზებული სამყაროს მთავარი მტრის - პუტინის რუსეთის მთავარი სტრატეგიული პარტნიორი. კი ბატონო ჩინეთთან ერთად, რომელსაც თავისი გზა აქვს, მაგრამ პუტინის გზა და დეგრადაციის ტრაექტორია ჩინეთის მოდელისგან ძალიან შორია და პირდაპირ ჩრდილო კორეისკენ მიდის. ამიტომ იყო ნიშანდობლივი ვითომდაც სტალინის მემკვიდრის, სინამდვილეში ერთ დროს სტალინის აზიური ვასალების წინაშე მათხოვრად ქცეული რუსეთის დიქტატორის ვიზიტი ფხენიანში.
აქამდე ბევრი ფიქრობდა, რომ პუტინი დიდი ჩინეთის გზით მიდიოდა, ნელ-ნელა სრულიად ნათელი ხდება, რომ სინამდვილეში მან თავისი არჩევანი ჩრდილოეთ კორეის მოდელზე გააკეთა. პუტინს მოსწონს, რომ მსოფლიო ბოროტებას განასახიერებს. მან დანარჩენ მსოფლიოსთან ურთიერთობის ფორმად ატომური შანტაჟი აარჩია, ისევე როგორც ამას წლების განმავლობაში ჩრდილო კორეელი პუტკუნა დიქტატორი აკეთებს. მნიშვნელოვანია, რომ სწორედ ეს განასხვავებს კატეგორიულად პუტინის მიერ არჩეულ გზას ჩინეთის პოზიციონირებისგან, რომელიც მსოფლიოში საკუთარი გავლენების გაფართოების რბილ მიდგომას მისდევს და მეტიც - პოლიტიკურ ინსტრუმენტად ბირთვული შანტაჟის გამოყენების მკაცრი მოწინააღმდეგეა.
პუტინის მიერ არჩეული გზა ისეთ სპირალს წარმოადგენს, რომლის ავტორიტარული დეგრადაციაც მეტ იზოლაციას, შიდა რეპრესიული მანქანის მოქმედების მასშტაბების ზრდას და მუდმივი საომარი რეჟიმის პირობებში ცხოვრებას მოითხოვს.
ასეთი რეჟიმების მთავარი თავისებურება ის არის, რომ მას არ შეუძლია შეჩერდეს ერთ წერტილში, მუდმივად უნდა გაზარდოს ფსონები, უწყვეტად უნდა მოახდინოს, მათ შორის, ირაციონალური ნაბიჯების გადადგმის მზაობის დემონსტრირება.
ასეთი მომავლისკენ მიაქანებს საქართველოს დასავლეთისგან დისტანცირებული და პუტინთან ჩახუტებული ივანიშვილი. ამაზე, პირველ რიგში, ჩვენი საზოგადოების ჯერ კიდევ ნეიტრალურად, ან ინდიფერენტულად განწყობილმა იმ ნაწილმა უნდა იფიქროს, რომლებიც მზად არიან არა მარტო იმ ინტელექტუალურ დიეტას შეეგუონ, რომელსაც თავად პუტინი, ან თუნდაც კიმ ჩენ ინი თავისი ხალხს სთავაზობს ადგილობრივი სიმონიანების თუ პაპუაშვილების სახით, არამედ ცხოვრების იმ თანმდევ წესს და საკვებ რაციონსაც, რომელიც ჩრდილო კორეაშია.
ამაზე უნდა უნდა იფიქრონ მათ შორის დასავლური სიკეთეების შედეგად ფერზე მოსულმა ქართველმა ბიზნესმენებმა და მათმა ოჯახებმა: არიან კი ისინი მზად, თქვენ წარმოიდგინეთ არა ჩინეთის, ან თუნდაც ირანის პოლიტიკური და ეკონომიკური მოდელის მსგავს, არამედ ჩრდილოეთ კორეის ჩუჩხეს უკიდურესად იზოლაციონისტურ პრინციპებზე დამყარებულ სისტემაში იარსებონ და აცხოვრონ საკუთარი შვილები.
ხომ წარმოუდგენლად მიგაჩნიათ, რომ ეს პერსპექტივა შეიძლება გველოდეს? ზუსტად ასევე ფიქრობდნენ რუსული ელიტები სულ რამდენიმე წლის კი არა - თვის წინ.
რას იფიქრებდა ჩემი სიდედრი, რომ თავისუფლებისთვის ბრძოლის და დასავლურ ცივილიზაციაში კუთვნილი ადგილის მონიშვნის შემდეგ, წლების წინ ფხენიანის სასტუმროში ქართულ ენაზე აჟღერებული "ჭრიჭინა", აზიატი დიქტატორის მოკავშირედ ქცეული ადგილობრივი "პოლიტიკური ცეხავიკის" ხელში ჩავარდნილი საქართველოს სინამდვილეს ასე მძაფრად და მგრძნობიარედ შეეხმიანებოდა.