ბათუმში გამართულმა საპროტესტო აქციებმა შედეგი გამოიღო - რუსული საკრუიზო კომპანია საქართველოს ნავსადგურში ღუზას აღარ ჩაუშვებს. მთელმა მსოფლიომ გაიგო, რომ ქართველებს თავმოყვარეობა არ დაუკარგავთ. რუსი, რომელიც ოკუპანტის სტატუსს რუსეთის ფედერაციის მოქალაქეობის გამო კი არ ატარებს, არამედ ოკუპაციის შესახებ ქვეყნის კანონმდებლობას არღვევს, ქართველებს აგრესორად და ნაცისტებად მოიხსენიებს, ცივილიზებული მსოფლიოს მიერ სისხლისმსმელ ტირანად და სამხედრო დამნაშავედ აღიარებულ პუტინს დასავლური იმპერიალიზმის წინააღმდეგ მებრძოლ რაინდად მიიჩნევს და საბჭოთა კავშირის აღდგენისკენ ჩვენივე ტელევიზიებით მოგვიწოდებს - საქართველოში არაფერი ესაქმება, მით უმეტეს არანაირადაა ღირსი მასპინძლების სტუმართმოყვარეობით ისარგებლოს.
უბრალოდ წარმოიდგინეთ, შედიხართ ქვეყნის ნავსადგურში, სადაც საპროტესტო აქციებით, გინებით და კვერცხებით გხვდებიან, გაძლიერებული საპოლიციო დაცვის თანმხლებით უნდა გადაადგილდე და სულ იმის შიშში იყო - ვინ საიდან გაგლანძღავს ან ნაგავს გესვრის - ან რა სიამოვნება უნდა მიიღო, ან რა დადებითი ემოციები მიამატო შენს საზაფხულო მოგონებებს. არ იყვნენ ეს ხალხი ჩვეულებრივი ტურისტები, მათი სიამოვნება დაუპატიჟებელი და დაჟინებული ძალად სტუმრობით მიღებულ კმაყოფილებასა და დავალების შესრულებაზე უფროა მომართული.
რუსული საკრუიზო დესანტის სიმშვიდის დასაცავად დასავლეთ საქართველოს საპოლიციო ძალების მთელი რესურსის გადასროლა ოცნების ხელისუფლების არა არაადეკვატურობის, არამედ რუსული ინტერესების ადგილობრივი კლიენტურის ქცევის ლოგიკაში სრულად ჯდება.
ივანიშვილის მთავრობა რუსულ ეკონომიკურ და კულტურულ ექსპანსიას საქართველოს მოქალაქეების სარგებლად ყიდის, ჩინეთთან სტრატეგიული თანამშრომლობის შეთანხმებას მრავალპარტიული დემოკრატიის განვითარების წინაპირობად ასაღებს.
ამ დროს ქართული სახელმწიფოს სტრატეგიული პარტნიორები ბოლო ძალებს იკრებენ, წონასწორობას არ კარგავენ, რომ რუსულ-აზიური უფსკრულის კიდეზე თავისი ნებით გადაკიდებულ მოკავშირეს ხელი არ გაუშვან და კიდევ ერთი დეკადისთვის სიბნელისთვის არ გაიმეტონ. ქართული საზოგადოებაც, მიუხედავად ასაკისა და გამოცდილებისა კარგად ხვდება რა მიზნები აქვს რუსული ჰიბრიდული ომის დივერსიულ "ტურისტულ" დესანტს თავისი მაღალი გემბანიდან გადმოგდებული დამცინავი მზერით და უკიდურესად პროვოკაციული და შეურაცხმყოფელი ინტერვიუების ტონით და შინაარსით.
დღეს რუსული მესიჯების ქართული გამხმოვანებლები მმართველი პარტიიდან "სტუმრებისადმი" ახალგაზრდების აგრესიაზე და მათზე პარტიული დღის წესრიგის გავლენაზე საუბრობდნენ. მოუსმინეთ ამ ქალბატონს, სოხუმიდან დევნილს, დროების რესპონდენტს და მიხვდებით - რა სიმწარე და გაბრაზებაც ამ ასაკის ხალხში ტრიალებს, ფიზიკურად რომ შეეძლოთ - გამოხატვის ფორმა იმაზე მკაცრი იქნებოდა მათი შვილიშვილებისა რომ გიკვირთ და უწუნებთ.
მას შემდეგ, რაც ბალახზე მიწოლილი და მთვლემარე, ღამენათევი და დასიცხული, პუტინისტი პროპაგანდისტების დაცვასა და საკუთარი ხალხთან ჭიდაობაში გადაღლილი პოლიციელების კადრები ვნახე, ვიფიქრე მათზე, ან მათ ხელმძღვანელებზე აღარაფერს ვიტყოდი, მაგრამ როგორ უნდა შეიკავო თავი კაცმა იმ კადრების შემყურე, თუ როგორ მოათრევს ქართველი პოლიციელი კაცების ჯგუფი და მანქანაში ტენის უკრაინელ ქალს, რომელიც საქართველოს და უკრაინის დროშებით საპროტესტო აქციაზე მივიდა ბათუმში დროის სატარებლად გადმომსხდარი რაშისტებისთვის იმის შესახსენებლად, რომ მისი ოჯახის წევრებს, ნათესავებს, მეზობლებს, მეგობრებს ამ წუთებშიც, კირილე გუნდიაევის მიერ ნაკურთხი რაკეტებით ბომბავენ და უნადგურებენ ყველაფერს რის გამოც სიცოცხლე უღირს. ერთი წამით მაინც წარმოიდგინონ ამ ქართველმა კაცებმა, პოლიციელებმა თავისი თავი აქციაზე მოსული დევნილი უკრაინელი ქალების ქმრების, მამების, ძმების, შვილების მდგომარეობაში, როცა რუსების ესკორტად ქცეული ქართული პოლიციის საქციელს სანგრებში ნახავენ. პოლიციელის მუნდირი ქიმწმენდის აპარატი არაა - როყიოდ მიღებული ნებისმიერი ბრძანების შესრულების გამო სინდისს რომ რეცხავდეს, პოლიციელის მუნდირი ქართველი კაცის და ქალის ყველა საუკეთესო ღირსებას უნდა განასახიერებდეს და სიამაყის და არა ეროვნული სირცხვილის განცდას გვანიჭებდეს.
მოკლედ, რუსების არგაღიზიანების ოცნებისეული პოლიტიკა სრული კაპიტულაციის, ეროვნული თავმოყვარეობის დათმობის, მცოცავ ოკუპაციასთან შეგუების, ოკუპირებულ ტერიტორიებზე ქართველების მიმართ აპართეიდის, დანარჩენ ტერიტორიაზე კი სასიცოცხლო სივრცისა და რესურსების რუსებისთვის ნებანება გადაცემის, დემოგრაფიული სურათის დრამატული ცვლილების, თავისუფლებასა და კეთილდღეობაზე დაფუძნებული სამყაროდან საქართველოს და ქართველი ხალხის მოწყვეტის პოლიტიკად ჩამოყალიბდა.
ნელ-ნელა ყველა ეს შედეგი ზედაპირზე ამოდის. მისი შეჩერება და ქვეყნის ისტორიის სწორ რელსებზე გადაყვანა მხოლოდ ქართველ ხალხს შეუძლია, როგორც ბათუმის მსგავსი ლოკალური, მაგრამ მნიშვნელოვანი აქციებით, ისე საერთო ძალისხმევით იმ სახადის ერთხელ და სამუდამოდ მოსახდელად, რასაც ქართულ ოცნებად შემოსაღებული "რუსული მეჩტა" ჰქვია, ახლა ჩინურ მულტილატერალიზმად რომ ტრანსფორმირდება და თუ დაცალდა კიდევ კაცმა არ იცის რა გეოპოლიტიკურ გაუგებრობაში ამოგვაყოფინებს თავს.