
ვაშინგტონის ჭექა-ქუხილის შემდეგ, მოვლენები ელვის სისწრაფით ვითარდება და დღეს ახალი მსოფლიო წესრიგის, ყოველ შემთხვევაში ევროპის უსაფრთხოების ახალი კონსტრუქციის საფუძვლის მოსამზადებელი პროცესის ეპიცენტრი ლონდონია.
შეერთებული შტატების ევროპის მოკავშირეობიდან ამორიცხვა არამარტო არასასურველი, არამედ, ჩემის აზრით სრულიად არარეალისტური მოლოდინია. საერთოდაც, ბევრს ჯერ კიდევ აქვს იმედი, რომ ტრამპის ტრადიციული ქცევის ალგორითმის გათვალისწინებით ისე არ იწვიმებს, როგორც იქუხა.
ფაქტი ის არის, რომ მის ადმინისტრაციას, ლამის ყველაფრის ფასად, უკრაინაში საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტის შეთანხმების მიღწევა სურს, რაც ასეთ ვითარებაში არც ევროპას და სხვა დასავლელ მოკავშირეებს, არც პირველ რიგში უკრაინას და მის ხალხს არ აწყობს.
გრძელვადიანი მშვიდობის გარანტიები ჯერ მაგიდაზე არ დევს და მეტიც - პუტინი ლავროვის პირით, ყოველგვარი დიპლომატიური ორაზროვნების გარეშე, ყველა იმ ბოძს აცლის საფუძველს, რაზეც თავად ტრამპის სავარაუდო გეგმა შეიძლება მდგარიყო: - არანაირი ფრონტის ხაზით არსებული სტატუს-კვოს მიღება და არანაირი დაშვება, რომ ევროპელი სამშვიდობოები ამ ხაზზე ჩადგებიან.
წესით ვისზეც ტრამპი ახლა მართლა ძალიან უნდა იყოს გაბრაზებული - პუტინი და რუსებია, თუმცა სასარგებლო გარიგებების მიღწევებით მოტრაბახე, მსოფლიოს ყველაზე ძლევამოსილი კაცის რისხვა ბევრი რამის მნახველ ოვალურ კაბინეტში ვისაც დაატყდა, მთელმა მსოფლიომ ნახა.
ზელენსკიმ ომში მყოფი ერის მთავარსარდლის ღირსება დაიცვა. თუმცა ღირსების მიღმა, ან უფრო სწორად მასთან ერთად, პოლიტიკური რაციონალიზმი გვკარნახობს, რომ შტატების გარეშე, რევიზიონისტი ტირანიების კოალიციის შეკავებას, რბილად რომ ვთქვათ ძალიან გაართულებს.
ამიტომაც ისმის დასავლეთის ლიდერების, ზელენსკისა და უკრაინელი ხალხისადმი ერთმნიშვნელოვანი მხარდაჭერის პარალელურად, მოწოდებები - კიევისა და ვაშინგტონის ურთიერთობის აღდგენისა და კვლავ პარტნიორულ რეჟიმში დაბრუნებისკენ.
ბრიტანელ მონარქთან დღევანდელი შეხვედრა უმძიმესი, დამქანცველი და გამომფიტავი ომის ეპიცენტრში მოხვედრილ, ნაადრევად დაბერებულ ახალგაზრდა უკრაინელ პრეზიდენტს შეახსენებს, რომ პოლიტიკური რაციონალიზმი და პერსონალური წყენა ისტორიული ფიგურებისთვის შეუთავსებელი ფაქტორებია და რომ ლონდონში ჩასული დასავლელი ლიდერების მხარდაჭერამ კიდევ უფრო მეტად უნდა გაამხნეოს და თავდაჯერებულობა შემატოს.
ევროკავშირი, თურქეთი, კანადა დღეს ერთ მაგიდასთან სხედან, ახალ მოცემულობას ნატოს გენერალურ მდივანთან ერთად განიხილავენ და საერთო თავდაცვისა და უსაფრთხოების ახალ პოლიტიკას ძერწავენ, სადაც უკრაინის არმიას, ბრიტანეთის, გერმანიის, საფრანგეთის და სხვა წამყვანი ინდუსტრიების შეიარაღებისა და აღჭურვილობის წარმოების პოტენციალს, ბრიტანულ-ფრანგულ ატომურ ფარს, მდიდარი ევროკავშირის ფინანსურ რესურსებს, თუ რუსეთის სტრატეგიული შეკავების სხვა მნიშვნელოვან ფაქტორებს ახალი მოდელის სისტემაში მოქცევა და ეფექტურობის მნიშვნელოვანი ზრდა დაჭირდება.
ამ ახალი მოდელის დროულ ჩამოყალიბებაზე, შეერთებულ შტატებთან და უფრო სწორი იქნება თუ ვიტყვით - თავად ვაშინგტონის კონფრონტაციული პოზიციიდან კონსტრუქციულ რელსებზე დაბრუნებაზე იქნება დამოკიდებული ევროპის, უკრაინის და მათ შორის საქართველოს მომავალი.
ფსონები ძალიან მაღალია და ყველა პატრიოტი ქართველი დღეს უკრაინას და დასავლეთის, თუნდაც ტრანსფორმირებულ, თუმცა ურყევ ერთიანობას გულშემატკივრობს.
იმედია ყველა დიდ მოთამაშეს, მათ შორის თეთრ სახლში მსხდომთაც კარგად ესმით, რომ ვაშინგტონის ჭექა-ქუხილის ექო მხოლოდ ტირანიებს და თავისუფლების მტრებს უნდა აშინებდეს!