გიორგი ოკმელაშვილს ე.წ. რისკის სახე დაუმძიმეს, ის დახურული ტიპის ციხეში მოათავსეს

გიორგი ოკმელაშვილს ე.წ. რისკის სახე დაუმძიმეს, ის დახურული ტიპის ციხეში მოათავსეს

რუსული კანონის წინააღმდეგ საპროტესტო აქციის დროს დაკავებულ გიორგი ოკმელაშვილს ე.წ. რისკის სახე დაუმძიმეს და საშიშროების "საშუალო რისკი" - "მომატებული რისკით" შეუცვალეს.

ფორმულას გიორგი ოკმელაშვილის ადვოკატმა უთხრა, რომ თავდაპირველი ბრძანებით, გიორგი ოკმელაშვილი ნახევრად ღია ტიპის დაწესებულებაში უნდა გადაეყვანათ, თუმცა, "შემთხვევით გაიგეს", რომ ის დახურული ტიპის დაწესებულებაში გადაიყვანეს.

ადვოკატის თქმით, გიორგი ოკმელაშვილის დახურული ტიპის დაწესებულებაში განთავსების შემდეგ, არ განუმარტეს, თუ რა გახდა პატიმრისთვის რისკის შეცვლის საფუძველი. ადვოკატი ამბობს, რომ საკითხს გაასაჩივრებენ.

"თუ რა გახდა რისკის შეცვლის საფუძველი, განმარტებული არ არის. აღნიშნულ საკითხს გავასაჩივრებთ. მოვითხოვთ განმარტებებს, რის საფუძველზე გაუმკაცრდა რეჟიმი, რით განსაზღვრეს, რომ მისგან მომდინარე რისკი უფრო მაღალი გახდა და რა შეიცვალა მოკლე დროში, მივყვებით პროცედურულად, გავასაჩივრებთ სასამართლოში", - ამბობს ადვოკატი.

ამჟამად ის ქსანში, N10 დახურული ტიპის დაწესებულებაში იმყოფება.

გამოძიების მტკიცებით, ოკმელაშვილმა 13 მაისს, თბილისში, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე გამართულ საპროტესტო აქციაზე, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს.

2024 წლის 17 მაისს გიორგი ოკმელაშვილს სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა.

15 იანვარს, გამართულ სასამართლო სხდომაზე ადვოკატმა ოკმელაშვილისთვის მოითხოვა სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით (ნარკოტიკული საშუალებების შენახვა) წაყენებული ბრალის მოხსნა, რასაც პროკურორი დაეთანხმა.