გიორგი გახარიას პარტია კომუნიკაციების კომისიას სასამართლოში უჩივის

გიორგი გახარიას პარტია კომუნიკაციების კომისიას სასამართლოში უჩივის

გიორგი გახარიას პარტია საქართველოსთვის კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის წინააღმდეგ სასამართლოში ჩივის და დამოუკიდებელი მედიის შევიწროებაში ადანაშაულებს.

ამის შესახებ პარტიის ერთ-ერთმა წევრმა ნათია მეზვრიშვილმა ბრიფინგზე ისაუბრა. მისი თქმით, კომუნიკაციის კომისია, ზეწოლის გზით, მაუწყებლებს არ აძლევს მათი რეკლამის განთავსების საშუალებას, ხოლო ვინც განათავსა, მათ სამართალდამრღვევებად ცნობს.

პარტია ასევე მოუწოდებს ტელეკომპანია იმედს, გახსნან მათთვის ეთერი. გარდა ამისა, მოუწოდებს სასამართლოს, არჩევნებამდე 2 კვირით ადრე, დროულად მიიღოს სამართლიანი გადაწყვეტილება და მისცეს გიორგი გახარიას პარტიას მედიასივრცით სარგებლობის შესაძლებლობა.

"კომუნიკაციების კომისია და მისი ხელმძღვანელი კახა ბექაური აგრძელებს ზეწოლას იმ ეროვნულ მაუწყებლებზე, რომლებმაც გვაღიარეს კვალიფიციურ სუბიექტებად და მოგვანიჭეს უფასო პოლიტიკური რეკლამის განთავსების უფლება. დღეს კომისიის და ბექაურის უკანონო ქმედებების აღსაკვეთად, ოფიციალურად მივმართეთ სასამართლოს.

კომისია, ზეწოლის გზით, მაუწყებლებს არ აძლევს რეკლამის განთავსების საშუალებას, ხოლო ვინც განათავსა, მათ სამართალდამრღვევად ცნობს, მათი დასჯის მიზნით. კომისიის აღნიშნული ქმედება გვართმევს საარჩევნო კამპანიის სამართლიან მედიაგარემოში წარმართვის შესაძლებლობას.

ამასთან, პარტიის დაფუძნების დღიდან დღემდე, ანუ, მთელი 4 წლის განმავლობაში, ტელეკომპანია იმედს დაბლოკილი ვყავართ ეთერებში, ეს მაშინ, როცა უდიდეს საეთერო დროს უთმობენ ნაციონალურ მოძრაობას და ეთერში შეუფერხებლად გადმოსცემენ მიხეილ სააკაშვილის საარჩევნო კამპანიას პირდაპირ სასამართლო დარბაზიდან.

ეთერების დახურვა მოქალაქეებს ართმევს ინფორმირებული არჩევანის გაკეთების შესაძლებლობას და ქმნის უსამართლო წინასაარჩევნო გარემოს. ამ ფონზე, კობახიძე-პაპუაშვილის დაჯგუფება ურცხვად ტყუის, რომ თითქოს სამართლიანი და თანასწორი წინასაარჩევნო გარემო გვაქვს.

მოვუწოდებთ ოცნებას და მის პარტიულ ტელევიზიას იმედს, სასწრაფოდ გახსნან ეთერები და დაგვისხდნენ დებატებში, როგორც საარჩევნო დაპირებების განსახილველად, ისე წინასაარჩევნო გარემოს შესაფასებლად. მოვუწოდებთ სასამართლოს, არჩევნებამდე დარჩენილია 2 კვირა, დროულად მიიღეთ სამართლიანი გადაწყვეტილება და მოგვეცით მედიასივრცით სარგებლობის შესაძლებლობა.

კახა ბექაურს კი კიდევ ერთხელ შევახსენებთ, რომ ყველა მსგავს ქმედებებზე პასუხისმგებლობები იქნება პერსონალიზებული", - თქვა მეზვრიშვილმა ბრიფინგზე.

***

კომუნიკაციების კომისიამ გიორგი გახარიას პარტიის საარჩევნო რგოლის ეთერში გაშვებისთვის ტელეკომპანია ფორმულა საქართველოს საარჩევნო კოდექსის დამრღვევად ცნო და ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა ოქმი შეუდგინა.

კერძოდ, დავის საბაბი პარტიისთვის კვალიფიციური სუბიექტის სტატუსის მინიჭება გახდა, რის შედეგადაც, ფორმულამ გიორგი გახარიას პარტიას უფასო სარეკლამო დრო დაუთმო. ეს გადაწყვეტილება Edison Research-ის კვლევებს ეფუძნება.

იურისტების განმარტებით, შედეგების მიხედვით, კვალიფიციური სუბიექტის სტატუსის მინიჭების უფლებას კანონი იძლევა. მარეგულირებელი კომისია კი Edison Research-ის კვლევის აუდიტს მოითხოვს, რასაც კანონი არ ითვალისწინებს.

მარეგულირებლის თანახმად, მაუწყებელი უფლებამოსილია კვალიფიციურ საარჩევნო სუბიექტად ის პოლიტიკური პარტია აღიაროს, რომელიც საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, კანონით დადგენილი პირობებით, არჩევნების წელს ჩატარებული არანაკლებ ხუთი კვლევის თანახმად, სარგებლობს ამომრჩეველთა არანაკლებ 4%-ის მხარდაჭერით.

Edison Research-ის ბოლო კვლევებით, გიორგი გახარიას პარტიას სწორედ 4%-ზე მეტი მხარდაჭერა ჰქონდა, თუმცა მარეგულირებელმა კომისიამ ფორმულასგან დოკუმენტაციის წარდგენა მოითხოვა კვლევის შედეგების გადამოწმებისა და შესწავლის თაობაზე.

ფორმულას გენერალური დირექტორი ზუკა გუმბარიძე ამბობს, რომ ტელეკომპანია ენდობა Edison-ის მონაცემებს და ვერ ხედავს საჭიროებას, მათი მონაცემები გადამოწმდეს.

"ჩვენ მარეგულირებელმა ფაქტობრივად დაგვავალა, რომ Edison Research-ის კვლევის აუდიტირება და მისი შემოწმება მოგვეხდინა. ჩვენ, ცხადია, ვენდობით Edison-ის მონაცემებს და ვერ ვხედავთ ვერანაირ საჭიროებას, რომ მათი მონაცემები გადამოწმდეს. ცხადია, ეს ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ თანაბარი გარემო არ იყოს მიღწეული ქვეყანაში და ოპოზიციურ პარტიებს შეეზღუდოთ მათი სარეკლამო აქტივობების შესაძლებლობა", - თქვა ზუკა გუმბარიძემ.