ექიმი გიორგი ახობაძე მოსამართლე დავით მგელიაშვილმა პატიმრობაში დატოვა.
ახობაძემ სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ თავს დამნაშავედ არ ცნობს და მის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს "სპექტაკლს" უწოდებს, რადგან მისივე თქმით, მას ნარკოტიკები ჩაუდეს.
"თავს დამნაშავედ არ ვცნობ. ეგ რაღაც, რასაც მაბრალებენ, ჩემ ჯიბეში მე არ მომითავსებია, მათ მოათავსეს. ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგი ვარ და ვმუშაობდი შესაბამისი მიმართულებით, ბოლო ერთ წლამდე, სანამ დედაჩემს დასჭირდებოდა ჩემი მზრუნველობა, ბოლო ერთი წელი ვუვლიდი ჩემი ცხოვრების მთავარ პაციენტს",- თქვა ახობაძემ.
2024 წლის 7 დეკემბერს გიორგი ახობაძე საპროტესტო აქციიდან სახლში ბრუნდებოდა, როდესაც ის პოლიციამ დააკავა.
ახობაძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით წარედგინა, რაც დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვას ითვალისწინებს.