ისრაელის ინფორმაციით, მძევლების გათავისუფლების პროცესი პარასკევამდე გადაიდო. ინფორმაციას ისრაელის ეროვნული უშიშროების საბჭო ადასტურებს.
თავდაპირველად ცნობილი იყო, რომ ჰამასსა და ისრაელს შორის შეთანხმების შესაბამისად, პირველ მძევლებს ხუთშაბათს გაათავისუფლებდნენ.
ისრაელის პრემიერმინისტრის ოფისში ასევე აცხადებენ, რომ ცეცხლის შეწყვეტის დროებითი შეთანხმების ამოქმედებამაც პარასკევამდე გადაიწია.
BBC-ის კორესპონდენტი იერუსალიმიდან ამბობს, რომ ზოგიერთი წყაროს თანახმად, ჰამასმა არ მოახდინა შეთანხმების რატიფიცირება, სხვების აზრით, მათ ისრაელს არ მიაწოდეს მძევლების სია, რომლებიც უნდა გაეთავისუფლებინათ პირველ დღეს.
აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაცია იმედოვნებს, რომ მძევლების გათავისუფლების პროცესი პარასკევს დილით დაიწყება, სანამ მხარეები საბოლოო ლოგისტიკურ დეტალებს განიხილავენ. ამის შესახებ თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს პრესმდივნის, ადრიენ უოტსონის განცხადებაშია აღნიშნული.
უოტსონმა განმარტა, რომ დამატებითი დროა საჭირო იმისათვის, რომ დაზუსტდეს დეტალები, რომლებიც დაკავშირებულია თითოეული მძევლის ადგილმდებარეობისა და გადაადგილების მარშრუტებთან, ასევე სატრანსპორტო ლოგისტიკასთან.
გადაწყვეტილება, რომ კიდევ ერთი დღე დალოდებოდნენ პრობლემების ალბათობის შესამცირებლად, ისრაელმა კატართან და ეგვიპტესთან ერთად მიიღო. კონსულტაციები შეერთებულ შტატებთანაც გაიმართა და ვაშინგტონი დაეთანხმა ამ გადაწყვეტილებას.