პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ბოლო დეკლარაციის თანახმად, 2022 წელს მას მშობლებმა 180 000 ლარი აჩუქეს. ახალი დეკლარაცია 2023 წლის 30 ოქტომბრით თარიღდება.
დეკლარაციის მიხედვით, გასულ წელს ოჯახის წევრების მოგზაურობა პრემიერმინისტრს 8 868 აშშ დოლარი დაუჯდა.
ინფორმაცია ტარიელ ღარიბაშვილის მიერ შვილისთვის ფულის ჩუქების შესახებ ე.წ. ჩარტერის სკანდალის შემდეგ სახელმწიფო დაცვის სამსახურის უფროსმა, ანზორ ჩუბინიძემ გაავრცელა და თქვა, რომ ჩარტერის ფული ღარიბაშვილს მამამ გადაუხადა. მან თქვა, რომ ღარიბაშვილის ფრენისთვის ჯორჯიან ეარვეისს 34 ათასი ევრო გადაუხადეს, თუმცა, თანხა შესაძლოა დაკორექტირდეს.
7 სექტემბერს, საქართველოს მთავრობის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსმა, ნინო გიორგობიანმა გამოაქვეყნა განცხადება და თქვა, რომ პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აგვისტოში აშშ-ში შვილთან ერთად ჩარტერული რეისით გაემგზავრა - მისი მტკიცებით, ხარჯი ბიუჯეტიდან არ გაწეულა.
მოგვიანებით სტრატკომმა ღარიბაშვილის აშშ-ში ჩასვლასთან დაკავშირებით მორიგი განმარტება გააკეთა და აღნიშნა, რომ ღარიბაშვილი ჩარტერით ევროპაში ჩავიდა, იქიდან ამერიკაში კი რეგულარული რეისით.
9 სექტემბერს TV პირველთან ინტერვიუში Georgian Airways-ის დამფუძნებელმა, თამაზ გაიაშვილმა დაადასტურა, რომ ქვეყნის პრემიერი გერმანიაში მისმა კომპანიამ, სამთავრობო თვითმფრინავით წაიყვანა - მისივე განცხადებით, თვითმფრინავი პრემიერის გასაფრენად სახელმწიფო დაცვის სამსახურმა შეუკვეთა. კერძოდ, როგორც გაიაშვილმა აღნიშნა, მთავრობისთვის თვითმფრინავებს ყოველთვის სახელმწიფო დაცვის სამსახურის ხელმძღვანელი, ანზორ ჩუბინიძე უკვეთავს.