ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის პატრიარქ ილია II-სთან დაკავშირებულ განცხადებას ეხმაურება.
მისი თქმით, ზურაბიშვილის ეს განცხადება "დიდი ანტიქართული მოვლენაა", რომელიც კარგად წარმოაჩენს პრეზიდენტის "ნამდვილ სახეს".
"ნებისმიერ მოქალაქეს ჰკითხეთ. როგორ შეიძლება, ჩვენს ძვირფას ადამიანზე, პატრიარქზე, რომ ასეთ მკრეხელურ განცხადებას აკეთებს ადამიანი და მით უმეტეს, ვინ - პრეზიდენტი. აქ, მგონი, საქმე გვაქვს ძალიან დიდ ანტიქართულ მოვლენასთან. ეს არის პირდაპირი შეტევა პატრიარქზე, ეკლესიაზე. ვფიქრობ, ეს თავად სალომე ზურაბიშვილის სახეს წარმოაჩენს ძალიან კარგად. ის ნიღაბი რაც მას ჰქონდა მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, ეს ნიღაბი არის ჩამოხსნილი", - თქვა მან.
Chatham House ეკლესიასთან დაკავშირებულ კითხვაზე პასუხის დროს, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ ეკლესიასთან დაკავშირებით კომპლექსური ვითარებაა, რისი ძირითადი მიზეზიც პატრიარქის "სისუსტეა".
"ჩემი აზრით, მართლმადიდებელი ეკლესია, ისევე როგორც ნებისმიერ სხვა მართლმადიდებელ ქვეყანაში, ძალიან ახლოს არის ხელისუფლებასთან და მიდრეკილია, მიჰყვეს აქცენტებისა და ნიუანსების ცვლილებას. ამიტომ იმედი მაქვს, რომ ეკლესიაც მიჰყვება პროდასავლურ რიტორიკას. ვინაიდან მე გახლავართ ოპტიმისტი და მჯერა საქართველოს მედეგობის, ამიტომ იმედი მაქვს, საქართველოს ეკლესიაც შეძლებს, აირჩიოს პროქართველი და პროევროპელი პატრიარქი და არა პრორუსი“, – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.