საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროკავშირის სანქციების განხორციელების საკითხში საერთაშორისო სპეციალურ წარმომადგენელს დევიდ ო'სალივანს და სანქციების საკითხებში აშშ-სა და გაერთიანებული სამეფოს წარმომადგენლებს ელჩ ჯეიმს ო'ბრაიენსა და კუმარ იერს შეხვდა.
მთავრობის ადმინისტრაციის მტკიცებით, შეხვედრაზე ხაზი გაესვა სანქციებისთვის თავის არიდების პრევენციის მიზნით საქართველოს შესაბამისი სამსახურების ეფექტურ მუშაობას და იმას, რომ ამ კუთხით ქვეყნის ძალისხმევას საერთაშორისო პარტნიორები პოზიტიურად აფასებენ.
"პრემიერ-მინისტრი მიესალმა ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის ვიზიტს საქართველოში და ხაზი გაუსვა მის მნიშვნელობას იმის ფონზე, რომ ქართულმა მხარემ ბრიუსელში გამართული შეხვედრების დროს არაერთხელ გამოხატა სპეციალური წარმომადგენლის ოფისთან მჭიდრო თანამშრომლობის სურვილი. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ ფინანსურ სანქციებთან მიმართებაში საქართველოს მუდმივ კოორდინაციაზე ევროკავშირთან და საერთაშორისო თანამეგობრობასთან.
ხაზი გაესვა სანქციებისთვის თავის არიდების პრევენციის მიზნით საქართველოს შესაბამისი სამსახურების ეფექტურ მუშაობას და ამ მიმართულებით, როგორც საქართველო-ევროკავშირის, ასევე აშშ-საქართველოს წარმატებულ თანამშრომლობას. ასევე, აღინიშნა, რომ საქართველოს მიერ გაწეული ძალისხმევა პოზიტიურად ფასდება საერთაშორისო თანამეგობრობის, მათ შორის, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ.
ყურადღება გამახვილდა საქართველოს მიერ უკრაინის მტკიცე მხარდაჭერაზე პოლიტიკური და ჰუმანიტარული მიმართულებით", - აღნიშნულია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრას ევროკავშირის ელჩი საქართველოში პაველ ჰერჩინსკი, ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში კელი დეგნანი და დიდი ბრიტანეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში მარკ კლეიტონი ესწრებოდნენ.