პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ლაზარე გრიგორიადისს ანარქისტს უწოდებს. ღარიბაშვილის მტკიცებით, გრიგორიადისს "პოლიციელის ცოცხლად დაწვა ჰქონდა განზრახული".
"რამდენიმე პოლიციამ დააკავა პოლიციაზე თავდამსხმელი, გახსოვთ, ყველამ ნახეთ კადრები. ერთ-ერთმა ანარქისტმა როგორ ესროლა პოლიციას მოლოტოვის კოქტეილი, ანუ ამ ადამიანს განზრახული ჰქონდა პოლიციელის ცოცხლად დაწვა. მე გამოვედი და ვთქი ჩემი პოზიცია, ამას არავის არ ვაპატიებთ. ეს არის მიუღებელი, წითელი ხაზი, რომელზეც ჩვენ ვიქნებით უკომპრომისო.
ასევე თქვენ ნახეთ, საზოგადოებამ ნახა, რომ გეგმა იყო გაცილებით უფრო რთული, მათი გეგმა იყო მუდმივი ქაოსის დათესვა, რა თქმა უნდა, საბოლოო მიზანი მათი იყო დესტაბილიზაცია ჩვენი ქვეყნის, ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლა, რაც რა თქმა უნდა, არავის არ გამოუვიდა და არ გამოუვა. რაც შეეხება ანარქისტებს და მათ ინსტრუქტორებს, მე მინდა შევახსენო ყველას, რომ საზოგადოებამ ნახა ბოლო დღეების განმავლობაში, ეს ადამიანები იყვნენ მომზადებული იმისთვის, რომ მომხდარიყო პროვოკაციები, პოლიციაზე თავდასხმები და რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი არის თვალსაჩინო. ხალხმა ნახა კიდევ ერთხელ, რომ ამის მიზანი გაცილებით უფრო შორს მიმავალი იყო, მაგრამ მადლობა კიდევ ერთხელ პოლიციას. სახელმწიფო დადგა ძალიან მტკიცედ, გამოაჩინა სიძლიერეც და გონიერებაც", - თქვა ღარიბაშვილმა.
31 მარტს სასამართლომ ლაზარე გრიგორიადისს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ის 29 მარტს დააკავეს - შსს-ს მტკიცებით, მან 7-9 მარტის აქციებზე პოლიციელებს ქვები და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები ესროლა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ 29 მარტს გაავრცელა ინფორმაცია, რომ დააკავეს ერთი ადამიანი, ვინც მათი მტკიცებით, 7-9 მარტის აქციებზე პოლიციელებს ქვები და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები ესროლა. უწყება ამტკიცებს, რომ ამის შედეგად, პოლიციელებმა დაზიანებები მიიღეს.
შსს-ს განცხადებით, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა და 187-ე მუხლებით მიმდინარეობს და 7-9 მარტს მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს "მომხდარ ძალადობრივ ქმედებებზე" საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება.
აქტივისტის წინააღმდეგ ხელისუფლებამ სიძულვილის კამპანია დაიწყო. უკვე ორჯერ ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ "ორიენტაციაარეული" უწოდა.