პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ირწმუნება, რომ არასდროს უსარგებლია ბიუჯეტით და არ დაუფინანსებია პირადი თუ ოჯახის მგზავრობა. ეს განცხადება მან შვილის აშშ-ში ჩარტერით გამგზავრებაზე დასმული კითხვის პასუხად გააკეთა.
ღარიბაშვილის თქმით, ჩარტერის ფული მამას "მიზანმიმართულად გადაახდევინა", რაცა წარმოეჩინა "კონტრასტი და განსხვავება ქართულ ოცნებასა და წინა ხელისუფლებას შორის".
"მე მანამდე არ მქონია საუბარი, არ ვთვლიდი საჭიროდ ამ თემაზე ღიად მესაუბრა, უბრალოდ, იმდენად პირადი საკითხია, მე არასოდეს, ხაზგასმით აღვნიშნავ, არასოდეს მისარგებლია ბიუჯეტით და არ დამიფინანსებია ჩემი პირადი ან ჩემი ოჯახის რაღაც, იქნება ეს მგზავრობა თუ სხვა. არცერთი თეთრი არ დახარჯულა ბიუჯეტიდან არც ჩემს მგზავრობაში, არც ჩემი ოჯახის წევრების მგზავრობაში, განსხვავებით თქვენი ბელადი სააკაშვილისგან. მე შეგნებულად გავაკეთე, მიზანმიმართულად გავაკეთე ეს, მიზანმიმართულად გადავახდევინე ოჯახს, იმის საჩვენებლად, რომ კიდევ ერთხელ წარმომეჩინა კონტრასტი და განსხვავება ჩვენი ხელწერის, რომ ჩვენ არასდროს ვიყენებთ ბიუჯეტს, როგორც პირადი ოჯახის ბიუჯეტს და მეჩვენებინა მეორე უკიდურესობა, რაც იყო 10 წლის გამეფებული აქ, როდესაც საკუთარი პირადი მიზნებისთვის მილიონობით ლარს ხარჯავდა სააკაშვილი და მისი კრიმინალური ბანდა. [...]
მე მაქვს, მადლობა ღმერთს, შეძლებული ოჯახი. მე არასდროს ვიყავი გაჭირვებული, მას შემდეგ რაც დავამთავრე უნივერსიტეტი და პოლიტიკამდეც მე ვმუშაობდი ამ ქვეყნის უმდიდრეს ადამიანთან და ვმართავდი ყველაზე მდიდარ ფონდს და ჩემი ოჯახი არასდროს ყოფილა გაჭირვებული, ამ თემაზე ძალიან მერიდება საუბარი, მაგრამ რადგან მისვამთ კითხვას, გპასუხობთ", - განაცხადა ღარიბაშვილმა.