პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ ხერსონის ოლქში კახოვკას ჰიდროელექტროსადგურის კაშხლის აფეთქება ომის ერთ-ერთი შედეგია, რომელსაც რუსეთი უკრაინაში აწარმოებს. მისი თქმით, ომის დასრულების მცდელობებს ვერ ხედავს.
"ეს არის ერთ-ერთი შედეგი ამ ბრუტალური, დამანგრეველი ომისა, რომელსაც რუსეთი აწარმოებს უკრაინაში. ეს ახალი არ არის. კახოვკას ჰესი კი გაგიკვირდათ, მაგრამ დღემდე განადგურებულია უკრაინის ტერიტორიის 20%. ქალაქები სოფლები მიწასთანაა გასწორებული. კახოვკას ჰესი ერთ-ერთია. სწორედ ამაზე გვაქვს საუბარი, როცა მშვიდობის მნიშვნელობაზე მივუთითებთ ყოველდღიურად. მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს, ჩვენ ვერ ვხედავთ და მგონია ვერავინ ვხედავთ რეალურ მცდელობას, რომ ეს ომი დასრულდეს", - განაცხადა ღარიბაშვილმა.
დღეს რუსებმა უკრაინაში, ხერსონის ოლქში კახოვსკას ჰიდროელექტროსადგური ააფეთქეს. სადგურის განადგურებაში რუსეთი უკრაინას ადანაშაულებს.
ხერსონის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ალექსანდრ პროკუდინის თქმით, "ახლა ზუსტდება ნგრევის მასშტაბები, წყლის სიჩქარე და მოცულობა, დატბორვის სავარაუდო ადგილები".
მისივე თქმით, სახიფათო ტერიტორიებიდან მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს. პროკუდინმა, ასევე, აღნიშნა, რომ წყალი კრიტიკულ დონეს 5 საათში მიაღწევს.
გარდა ამისა, უკრაინაში აცხადებენ, რომ ჰესი მთლიანად განადგურებულია და აღდგენას არ ექვემდებარება.