საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ისრაელის ელჩს საქართველოში, ჰადას მეიცადს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
"მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე ყურადღება დაეთმო ისრაელში განვითარებულ მოვლენებს. შეხვედრისას ირაკლი ღარიბაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს მთავრობა გმობს ისრაელის სახელმწიფოსა და მოქალაქეებზე განხორციელებულ ტერორისტულ თავდასხმას.
დიპლომატმა მთავრობის მეთაურს ისრაელში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით უახლესი ინფორმაცია მიაწოდა. პრემიერ-მინისტრმა მწუხარება გამოთქვა დაღუპულთა გამო და ელჩს მთავრობის სახელით კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა", - ნათქვამია განცხადებაში.
7 ოქტომბერს ღაზის სექტორიდან ისრაელის მიმართულებით ათობით რაკეტა გაუშვეს. ქვეყნის მასშტაბით განგაშის სირენები ამოქმედდა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა პალესტინურმა დაჯგუფება ჰამასმა აიღო და თქვა, რომ 20 წუთში 5 000 რაკეტა გამოიყენეს.
გავრცელებულ შეტყობინებაში, ჰამასის სამხედრო მეთაურმა, მოჰამედ დეიფმა ამას ოპერაცია "ალ-აკსას წარღვნა" უწოდა და პალესტინელებს შეერთებისკენ მოუწოდა.
ისრაელის შეიარაღებულმა ძალებმა ჰამასის წინააღმდეგ საპასუხო დარტყმები განახორციელეს - მათ სამხედროების მობილიზება დაიწყეს და "საომარი მდგომარეობის" შესახებ გაფრთხილება გამოაცხადეს.
ისრაელის პრემიერმინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ამას ომი უწოდა - მისი თქმით, წინ ხანგრძლივი ბრძოლა ელით, თუმცა ისრაელი ომს მოიგებს, ხოლო ჰამასი პასუხს აგებს ამ ქმედებებისთვის.