გერმანიის განათლების სამინისტრომ საქართველოსთან სამეცნიერო თანამშრომლობის განახლება გაყინა

გერმანიის განათლების სამინისტრომ საქართველოსთან სამეცნიერო თანამშრომლობის განახლება გაყინა

საქართველოში გერმანიის ელჩის პიტერ ფიშერის ცნობით, გერმანიის განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ გერმანია-საქართველოს სამეცნიერო თანამშრომლობის განახლება გაყინა.

მისი თქმით, ეს მოიცავს სტუდენტების მობილობას, კვლევას და ევროკავშირი-საქართველოს პროგრამებს.

ელჩი მიზეზად "საქართველოს მიერ აკადემიური თავისუფლების შეზღუდვასა და ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერებას" ასახელებს.

"გერმანიის განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ გაყინა გერმანია-საქართველოს სამეცნიერო თანამშრომლობის განახლება, რაც მოიცავს სტუდენტების მობილობას, კვლევას და ევროკავშირი-საქართველოს პროგრამებს - საქართველოს მიერ აკადემიური თავისუფლების შეზღუდვისა და ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერების გამო. ქართველები, რომლებმაც ისწავლეს გერმანიის უნივერსიტეტებში, ძირითადად გერმანული სტიპენდიების დახმარებით, აცნობიერებენ ამ დანაკარგს", - წერს პიტერ ფიშერი X-ზე.

ელჩი აზუსტებს, რომ ეს შეზღუდვა ჯერჯერობით არ ეხება გერმანიის განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიმდინარე დაფინანსებას საქართველოსთვის, რაც დაახლოებით 1 მილიონ ევროს შეადგენს.

ის ამბობს, რომ ეს ჯერ არ ეხება გერმანიის "გულუხვ სასტიპენდიო პროგრამებს, მაგალითად, DAAD-ს" და აღნიშნავს, რომ "გერმანია აგრძელებს ვითარების მონიტორინგს და, სამწუხაროდ, განიხილავს საქართველოსთან ურთიერთობის ყველა ასპექტის გადახედვას".