გერმანიაში ბრალი წაუყენეს 98 წლის კაცს, რომელიც ნაცისტური ბანაკის დაცვად მუშაობდა

გერმანიაში ბრალი წაუყენეს 98 წლის კაცს, რომელიც ნაცისტური ბანაკის დაცვად მუშაობდა

გერმანიის პროკურატურამ ბრალი წაუყენა 98 წლის კაცს მეორე მსოფლიო ომის დროს ნაცისტურ საკონცენტრაციო ბანაკში 3000-მდე ადამიანის მკვლელობაში თანამონაწილეობისთვის.

საბრალდებო დასკვნაში აღნიშნულია, რომ კაცი, რომლის ვინაობაც არ სახელდება, მოზარდი იყო, როდესაც 1943 წლის ივლისიდან 1945 წლის თებერვლამდე ზაქსენჰაუზენის ბანაკში დაცვად მუშაობდა. პროკურატურის განცხადებით, ის პატიმრების მასობრივ და სასტიკ მკვლელობებში მონაწილეობდა.

2011 წლიდან გერმანია სდევნის ყოფილ ნაცისტებს არა მხოლოდ მკვლელობასა და წამებისთვის, არამედ თანამონაწილეობისთვისაც.

ზაქსენჰაუზენის ბანაკი ბერლინისგან ჩრდილოეთით 1936 წელს ააშენეს. ნაცისტებს ზაქსენჰაუზენში 200 000-ზე მეტი ადამიანი ჰყავდათ დაპატიმრებული, მათ შორის იყვნენ პოლიტიკური პატიმრები, ებრაელები, საბჭოელი ტყვეები, ბოშები. ათობით ათასი პატიმარი დაიღუპა შიმშილისგან, იძულებითი შრომით, სამედიცინო ექსპერიმენტებითა და მკვლელობით.

98 წლის კაცის შემთხვევაში საქმეს განიხილავს არასრულწლოვანთა სასამართლო, რადგან დანაშაულის ჩადენის დროს ის მოზარდი იყო. ამჟამად ის მაინ-კინზინგში ცხოვრობს.

გასულ წელს 101 წლის იოზეფ შუცი დამნაშავედ იქნა ცნობილი ზაქსენჰაუზენში მასობრივი მკვლელობის ხელშეწყობაში. მას ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს, თუმცა ის მიმდინარე წლის აპრილში გარდაიცვალა, ჯერ კიდეც თავისუფლებაზე ყოფნის დროს, სანამ აპელაციის შედეგებს ელოდებოდა.