გერმანია რუსეთს ულტიმატუმს უყენებს: 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტა ან ახალი სანქციები

გერმანია რუსეთს ულტიმატუმს უყენებს: 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტა ან ახალი სანქციები

გერმანიის მთავრობის წარმომადგენელმა შტეფან კორნელიუსმა რუსეთს ბოლო ვადა დაუსახა – თუ ორშაბათის ბოლომდე უკრაინაში ცეცხლის 30-დღიანი შეწყვეტის პირობაზე თანხმობას არ განაცხადებს, ბერლინი ევროპის პარტნიორებთან ერთად ახალი სანქციების მომზადებას დაიწყებს.

როგორც კორნელიუსმა განაცხადა: „დრო მიდის, დღის დასრულებამდე თორმეტი საათია დარჩენილი“.

მისი თქმით, რუსეთი უპირობოდ უნდა დათანხმდეს დროებით ზავს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მას დამატებითი სანქციები ემუქრება.

ჟურნალისტის კითხვაზე, იგულისხმება თუ არა ის, რომ ორშაბათის გასვლისთანავე ევროკავშირი სანქციების მომზადებაზე გადავა, კორნელიუსმა დაადასტურა: „ზუსტად ასეა“.

გერმანელი წარმომადგენლის ინფორმაციით, სანქციების შემუშავება დაიწყება პოლიტიკურ მრჩეველთა დონეზე, პარალელურად კი ბრიუსელში უკვე მუშავდება ევროკავშირის მე-17 სანქციების პაკეტი.