გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადებით, საქართველოში არსებული 22 მყინვარული მდინარის ხეობის კვლევასა და საფრთხეების გამოვლენას იწყებენ.
როგორც სააგენტო წერს, მსოფლიო მეტოროლოგიური ორგანიზაციის კლიმატის გრძელვადიანი პროგნოზის თანახმად, ამ და მომავალ წლებში ატმოსფერული ჰაერის ტემპერატურის მატებაა მოსალოდნელი, რაც მყინვარებზე უარყოფითი პროცესების გამწვავებას უწყობს ხელს.
"შესაბამისად, როგორც მთელ მსოფლიოში, ისე საქართველოში შესაძლოა სტიქიური პროცესების განვითარების რისკები გაიზარდოს. მყინვარულ ხეობებში საფრთხეების ზრდის ტენდენციის გათვალისწინებით, დასახლებული პუნქტებისა და ინფრასტრუქტურული ობიექტებისათვის საჭიროა გლაციალური, კასკადური საფრთხეების გამოვლენა და რისკების დეტალური შეფასება, ასევე, რისკის ზონებში არსებული დასახლებული პუნქტების იდენტიფიცირება და შესაბამისი ღონისძიებების შემუშავება. აღნიშნული კვლევების განხორციელება მიზნად ისახავს მყინვარულ ხეობებში კლიმატის ცვლილებით გამოწვეული, შესაძლო სტიქიური მოვლენების განვითარებით მიყენებული, უარყოფითი შედეგების მაქსიმალურ შერბილებას", - ნათქვამია განცხადებაში.
სააგენტოში ამბობენ, რომ კვლევა ორ ეტაპად იგეგმება, კერძოდ, პირველ ეტაპზე არსებულ საფრთხეებს განსაზღვრავენ, ხოლო, მეორე ეტაპი გამოვლენილი საფრთხეების საპრევენციო ღონისძიებების შემუშავებას გულისხმობს.
"აღნიშნულ კვლევებს, მაღალკვალიფიციური, გამოცდილი, საერთაშორისო საკონსულტაციო შვეიცარიული კომპანია GEOTEST AG შეასრულებს, რომელმაც დევდორაკ-ამალის ხეობაში განვითარებული გლაციალური ღვარცოფის შემდგომ განგაშის სისტემის ინსტალაცია, ასევე კურორტ შოვში განვითარებული სტიქიური მოვლენების შეფასება და შესაბამისი ანგარიშის მომზადება განახორციელა", - წერს სააგენტო.