განათლების სამინისტროს განცხადებით, მათ სამინისტროში სტუდენტები არ დაუბარებიათ, "სტუდენტებმა თავად გამოთქვეს სურვილი მინისტრის მოადგილესთან შეხვედრის."
"სხვადასხვა მედიასაშუალების მიერ გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თითქოს მოხდა სტუდენტთა დაბარება სამინისტროში – სიმართლეს არ შეესაბამება. ამასთან დაკავშირებით მოგახსენებთ, რომ სტუდენტებმა თავად გამოთქვეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩთან შეხვედრის სურვილი. მხოლოდ ამის შემდეგ, სტუდენტების მოთხოვნის საფუძველზე, მინისტრის მოადგილემ გამოთქვა ახალგაზრდებთან შეხვედრის მზაობა."- წერია განათლების სამინისტროს განცხადებაში.
თსუ-ის ერთ-ერთმა სტუდენტმა, ლუკა შველიძემ ფორმულასთან განაცხადა, რომ მას განათლების მინისტრის მოადგილე დაუკავშირდა და უთხრა, რომ მის სახელზე საშვი იყო დაშვებული და დღეს, 2 საათზე სამინისტროში იბარებდნენ.
"ნანუკა მიცკევიჩმა მითხრა, რომ ჩემზე საშვი იყო დაშვებული და დაბარებული ვიყავი განათლების სამინისტროში და დღეს 2 საათზე ვაპირებ მისვლას აუცილებლად, რადგან მაინტერესებს რისთვის მიბარებენ, კონკრეტულად მე, სტუდენტს და არა მაგალითად ვინმე უნივერსიტეტის წარმომადგენელს, რექტორს ან თვითონ ლექტორს რატომ არ იბარებენ და პირდაპირ მე რატო მიბარებენ."- აცხადებს სტუდენტი, ლუკა შველიძე.
* * *
"არა რუსეთს!" - ამ შეძახილებით დახვდნენ გუშინ, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები ლექტორს, ელიზბარ ელიზბარაშვილს, რომელიც ანტიდასავლური განწყობებით გამოირჩევა. ის პრორუსული ალტ-ინფოს ხშირი სტუმარია.
როგორც სტუდენტები ამბობენ, ელიზბარ ელიზბარაშვილი ლექციების დროს ცდილობს, გაატაროს კრემლის პროპაგანდა. მათი თქმით, პრორუსული განწყობებისა და განცხადებების ავტორმა ლექტორებმა დისკომფორტი უნდა იგრძნონ.
სტუდენტები აცხადებენ, რომ ამის საშუალებას არ მისცემენ და მოუწოდებენ უნივერსიტეტის ხელმძღვანელობას, მიიღონ შესაბამისი გადაწყვეტილება და ლექტორები, რომლებსაც აქვთ ანტიდასავლური და პრორუსული მიზნებით, გაათავისუფლონ საუნივერსიტეტო სივრციდან.