განათლების ხარისხის ეროვნული ცენტრი EQAR-ის გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს

განათლების ხარისხის ეროვნული ცენტრი EQAR-ის გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი უმაღლესი განათლების ხარისხის განვითარების დამოუკიდებელი სააგენტოების ევროპული რეესტრის (EQAR) გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს. ამის შესახებ ბრიფინგზე ცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, ლაშა მარგიშვილმა განაცხადა.

EQAR-მა 2023 წელს არსებული ხარვეზის საფუძველზე განათლების ხარისხის ცენტრს რეგისტრაცია შეუჩერა.

'რა თქმა უნდა, გადაწყვეტილება არაა სასიამოვნო ამ ორგანიზაციისთვისა და ხარისხის უზრუნველყოფის პროცესში ჩართული ადამიანებისთვის. EQAR-ისა და ENQA-ს წევრობა, პირველ რიგში, ნიშნავს იმას, რომ ცნობადობა და რეპუტაცია ამ ორგანიზაციის არის მაღალი და ასევე სანდოობა არის ამ სისტემისადმი მაღალი. თუმცა აღიარების პროცედურა არსად ითვალისწინებს იმას, რომ ორგანიზაცია, რომელიც უზრუნველყოფს გარე ხარისხის პროცედურების ჩატარებას, უნდა იყოს სავალდებულოდ EQAR-ის ან ENQA-ს წევრი. [...]

EQAR-ის გადაწყვეტილება, რა თქმა უნდა, ძალიან სამწუხაროა ჩვენი ორგანიზაციისთვის, ამიტომ ვაპირებთ, რომ გავასაჩივროთ. ჩვენი ერთ-ერთი მთავარი არგუმენტი გასაჩივრების ფარგლებში არის ის, რომ გადაწყვეტილება შეიძლება არ იყოს პროპორციული იმ რეკომენდაციებისა, რა რეკომენდაციებიც მათ მოგვცეს, ამიტომ გარკვეულ ნაწილში ვითხოვთ, რომ გადაიხედოს გადაწყვეტილება", - თქვა მარგიშვილმა.

ENQA-ს მიერ 2023 წელს მომზადებულ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის გარე შეფასებაში მისი ორგანიზაციული დამოუკიდებლობის გამოწვევად დასახელებულია ცენტრის დირექტორის დანიშვნა განათლების მინისტრის მოადგილედ. საუბარია თამარ მახარაშვილზე, რომელიც გარკვეული პერიოდის განმავლობაში ცენტრის დირექტორიც იყო და მინისტრის მოადგილეც, რაშიც ექსპერტთა ჯგუფმა ინტერესთან კონფლიქტის პოტენციალი დაინახა.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ ცენტრის დირექტორს ან მმართველობაში მყოფ პირს არ უნდა ჰქონდეს პოლიტიკური როლი მთავრობაში. გარდა ამისა, უნდა არსებობდეს მკაფიო პროცედურები, რომ ასეთი პრაქტიკა, რომელიც საფრთხეს უქმნის სააგენტოს დამოუკიდებლობას, მომავალში თავიდან იქნეს არიდებული.