გამთენიისას აქციაზე ორი ადამიანი დააკავეს

გამთენიისას აქციაზე ორი ადამიანი დააკავეს

რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე ორი ადამიანი დააკავეს.

საპატრულო პოლიციის უფროსის, ვაჟა სირაძის თქმით, დაკავებულები "ნასვამ მდგომარეობაში" იყვნენ და სამართალდამცავებს შეურაცხყოფას აყენებდნენ.

"ძალიან ნასვამ მდგომარეობაშია და არაერთი შეურაცხყოფა მოგვაყენა თითოეულ პოლიციელს. გადაღებულია, დაფიქსირებულია კამერების საშუალებით. მოითხოვა წყალი, მივაწოდეთ წყალი, შემდეგ გახდა აგრესიული, რატომღაც. [...] მოვიდა პოლიციასთან ორი ადამიანი ნასვამ მდგომარეობაში და მიუხედავად არაერთი მოწოდებისა, აგრძელებდნენ ჩვენს შეურაცხყოფას", - თქვა სირაძემ.

დაახლოებით 1 საათის წინ პოლიციამ აქციის მონაწილეებს აიძულა, ჭიჭინაძისა და ჩიტაძის ქუჩიდან რუსთაველის გამზირზე ჩასულიყვნენ და გზის სავალი ნაწილი გაეთავისუფლებინათ. სირაძის თქმით, მიზეზი ისაა, რომ აქციაზე ამ დროისთვის გზის გადაკეტვისთვის საჭირო ადამიანების რაოდენობა არააა.

ამ დროისთვის მოქალაქეები ადგილზე ისევ რჩებიან. პარლამენტის ტერიტორიაზე არიან სამართალდამცავები, მათ შორის, კრიმინალური პოლიციის წარმომადგენლებიც.