გამოცემა ბათუმელების ხელმძღვანელს, მზია ამაღლობელს პოლიციელზე თავდასხმას ედავებიან

გამოცემა ბათუმელების ხელმძღვანელს, მზია ამაღლობელს პოლიციელზე თავდასხმას ედავებიან

გამომძიებლის ცნობით, გამოცემა ბათუმელების ხელმძღვანელის, მზია ამაღლობელის წინააღმდეგ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც პოლიციელზე, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეზე ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენელზე ანდა საჯარო დაწესებულებაზე თავდასხმას გულისხმობს.

გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნული მუხლი 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მზია ამაღლობელი ორჯერ დააკავეს ბათუმის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან. პირველად იგი დააკავეს სტიკერის გაკვრის გამო და დაახლოებით ორი საათის შემდეგ გამოუშვეს, თუმცა მალევე ხელახლა დააკავეს.

შეხვედრიდან გამოსულმა ადვოკატებმა დაადასტურეს, რომ გამოძიება დაწყებულია 353 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, თუმცა ოფიციალურად მას ბრალი წარდგენილი არ აქვს. ადვოკატებისთვის საქმის მასალები გამოძიებას ჯერ არ გადაუცია.

მზია ამაღლობელს ბრალი უახლოეს 48 საათში უნდა წარუდგინონ.

გავრცელებული ინფორმაციით, ამაღლობელი სახალხო დამცველის წარმომადგენელმა მოინახულა. ბათუმელების დირექტორმა მას განუცხადა, რომ დაკავების შემდგომ ადგილი არასათანადო მოპყრობას ჰქონდა.

"ბათუმელების" ცნობით, როდესაც ამაღლობელი პირველი დაკავების შემდეგ გაათავისუფლეს, ჭყლეტაში მოხვდა და ხელზე ტკივილი იგრძნო. როგორც თავად ყვება, ხელის გათავისუფლების მიზნით, ხელი ძლიერად აიქნია და უნებურად მოარტყა პოლიციელს, რომელიც როგორც მოგვიანებით გაირკვა, აღმოჩნდა ბათუმის პოლიციის უფროსი, რომელმაც ის მყისიერად, თავადვე დააკავა.

როგორც მზია ამაღლობელი აღნიშნავს, არასათანადო მოპყრობა განხორციელდა სწორედ პოლიციის უფროსის მხრიდან.