გავრცელებული ინფორმაციით, გამოცემა ბათუმელების ხელმძღვანელი, მზია ამაღლობელი, კიდევ ერთი დაკავებული, თეონა ბერიძე და არასრულწლოვანი აქტივისტი გოგო ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს, თუმცა მალევე ცნობილი გახდა, რომ ამაღლობელი პოლიციამ ხელმეორედ დააკავა.
დღეს, ბათუმში გამოცემა ბათუმელების დირექტორი, მზია ამაღლობელი აქციაზე ბათუმის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან დააკავეს. გავრცელებული ინფორმაციით, ამაღლობელი კედელზე პლაკატის გაკვრის გამო დააკავეს, რომელზეც "იფიცება საქართველო 15 იანვარს 15:00 საათზე" ეწერა.
როგორც ცნობილია, თავდაპირველად, აქციის მონაწილეებმა სამმართველოსთან მას შემდეგ გადაინაცვლეს, რაც პოლიციამ აქტივისტი თათია აბულაძე დააკავა.
ამასთან, სამმართველოსთან ციალა ქათამიძე დააკავეს, რომელიც პროტესტის ნიშნად პლაკატს აკრავდა. მისი დაკავების შემდეგ ვაჟა დარჩია დაიჭირეს, რომელმაც დასვა კითხვა, რატომ აკავებდნენ ციალა ქათამიძეს. როგორც ცნობილია, ამის შემდეგ დააკავეს ბათუმელი სტუდენტი და აქტივისტი მათე ცენტერაძე, რომელმაც, აქციის მონაწილეების თქმით, ასევე პროტესტის ნიშნად ასფალტზე დააკრა პლაკატი.
ბოლო მონაცემებით, დღეს ბათუმში აქციაზე დააკავეს: მზია ამაღლობელი, ციალა ქათამიძე, მათე ცენტერაძე, ვაჟა დარჩია, გოდერძი ფრანგიშვილი, მალხაზ ირემაძე, თემურ ქათამაძე, ნანა შავაძე, თეონა ბერიძე და თათია აბულაძე.