რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, მიხაილ გალუზინი რუსეთ-საქართველოს შორის არსებულ ურთიერთობებზე საუბრობს.
გალუზინი რუსულ სამთავრობო მედიასთან ინტერვიუში საქართველოს ხელისუფლებას აქებს და აცხადებს, რომ "საქართველოს ხელისუფლების პრაგმატული ხაზის დამსახურებით ორ ქვეყანას შორის არსებული რთული პერიოდი დაძლიეს".
"აღვნიშნავთ რუსეთსა და საქართველოს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთქმედების პოზიტიურ დინამიკას. საქართველოს ხელისუფლების პრაგმატული ხაზის დამსახურებით დავძლიეთ ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული რთული პერიოდი, რომელიც 2019 წელს ქართველი რადიკალების ცნობილი პროვოკაციით იყო განპირობებული.
გასულ წელს გაუქმდა 2000 წლიდან მოქმედი სავიზო რეჟიმი რუსეთში მოკლევადიანი ვიზიტებისთვის და ამოქმედდა პირდაპირი ავიამიმოსვლა. ეს ქმედებები დადებითად იქნა აღქმული [საქართველოს] ხელისუფლებისა და მოსახლეობის უმრავლესობის მიერ. რუსეთის პრეზიდენტის 2023 წლის 10 მაისის განკარგულების რეალიზაციამ გაამარტივა ჩვენს ხალხებს შორის ურთიერთობები, ხელი შეუწყო საქმიან წრეებში კონტაქტების აქტივაციას, ასევე გაამარტივა სავაჭრო-ეკონომიკური გავშირები.
გასულ წელს საქართველოში 1.4 მილიონზე მეტი სტუმარი ეწვია. რუსები უზრუნველყოფენ საქართველოს ტურისტული სექტორის მეოთხედის შემოსავალს... იზრდება ავიარეისების სიხშირე - კვირის განმავლობაში სრულდება 60-ზე მეტი რეისი", - თქვა რუსმა დიპლომატმა.
ის ასევე დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის შესაძლებლობაზეც საუბრობს და აღნიშნავს, რომ "საქართველოსთან კავშირის ნორმალიზაციისთვის მუშაობის გაგრძელებას აპირებენ".
"რაც შეეხება საქართველოსთან დიპლომატიურ ურთიერთობებს, როგორც ცნობილია, დიპლომატიური ურთიერთობები სააკაშვილის რეჟიმმა 2008 წელს გაწყვიტა. სამწუხაროდ მათი აღდგენის შესაძლებლობა ექვემდებარება პოლიტიკურ მოთხოვნებს, რომლებიც ეწინააღმდეგება რეგიონის ახალ რეალობას. ჩვენი მხრივ, დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობის მიუხედავად, ვაპირებთ გავაგრძელოთ მუშაობა საქართველოსთან კავშირის ნორმალიზაციისთვის", - განაცხადა გალუზინმა.