ისრაელის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის განცხადებით, ტერორისტულმა დაჯგუფება ჰამასმა 7 ოქტომბერზე ისრაელის საპასუხო ნაბიჯი არასათანადოდ შეაფასა.
გალანტის თქმით, ისრაელი ჰამასის წინააღმდეგ ომში ქვეყნის ღირებულებების დასაცავად იბრძვის. ამასთან, ის აღნიშნავს, რომ პალესტინის მხარდამჭერი აქტივისტების მიერ მოწოდებულ დახმარებას გლობალური ტერორი იყენებს.
"ჰამასის პროპაგანდა გავლენას ახდენს უნივერსიტეტებსა და საპროტესტო აქციებზე, ფული ამაში იხარჯება, რაც შემდგომ ტერორისტულ ქსელებს მთელ მსოფლიოში ააქტიურებს", - ამბობს ისრაელის თავდაცვის მინისტრი.
7 ოქტომბერს ღაზის სექტორიდან ისრაელის მიმართულებით ათობით რაკეტა გაუშვეს. ქვეყნის მასშტაბით განგაშის სირენები ამოქმედდა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა პალესტინურმა დაჯგუფება ჰამასმა აიღო და თქვა, რომ 20 წუთში 5 000 რაკეტა გამოიყენეს.
გავრცელებულ შეტყობინებაში, ჰამასის სამხედრო მეთაურმა, მოჰამედ დეიფმა ამას ოპერაცია "ალ-აკსას წარღვნა" უწოდა და პალესტინელებს შეერთებისკენ მოუწოდა.
ისრაელის შეიარაღებულმა ძალებმა ჰამასის წინააღმდეგ საპასუხო დარტყმები განახორციელეს - მათ სამხედროების მობილიზება დაიწყეს და "საომარი მდგომარეობის" შესახებ გაფრთხილება გამოაცხადეს.
ისრაელის პრემიერმინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ამას ომი უწოდა - მისი თქმით, წინ ხანგრძლივი ბრძოლა ელით, თუმცა ისრაელი ომს მოიგებს, ხოლო ჰამასი პასუხს აგებს ამ ქმედებებისთვის.