გახარია საქართველოსთვის: უკან დასახევი გზა აღარ გვაქვს, ერთიანი ბრძოლით აღვადგენთ სამართალს

გახარია საქართველოსთვის: უკან დასახევი გზა აღარ გვაქვს, ერთიანი ბრძოლით აღვადგენთ სამართალს

პარტია გახარია საქართველოსთვის შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ დღეს, 4 თებერვალს, აღმაშენებლის ხეივანზე დაკავებული 8 პირისთვის სისხლის სამართლის ბრალდების წარდგენას განცხადებით ეხმაურება.

პარტიაში ამბობენ, რომ ქართული ოცნების ხელისუფლების მხრიდან ადამიანებზე ძალადობა და მათი მძევლად აყვანა ადასტურებს, რომ მათთვის მოქალაქეების უწყვეტი პროტესტი ყველაზე დიდი პრობლემაა.

"მოძალადე დეფაქტო ხელისუფლების მიერ ადამიანებზე ძალადობა, მათი მძევლად აყვანა ადასტურებს, რომ მათთვის საქართველოს მოქალაქეების უწყვეტი პროტესტი ყველაზე დიდი პრობლემაა, პროტესტი, რომელიც ვერაფრით ჩაახშო.

გამოხატვის თავისუფლების ფორმების სახელდახელოდ კრიმინალიზება, საკანონმდებლო ძალადობა პროტესტზე და მისი ინსტრუმენტალიზება ადამიანების დევნისთვის, პირდაპირ მიანიშნებს პროტესტის მასშტაბსა და სიმძლავრეზე, რომელსაც დეფაქტო ხელისუფლება ლეგიტიმაციის არარსებობის პირობებში ვერ უმკლავდება.

უკანონო პატიმართა რიცხვი იზრდება და მძიმდება მათ მიმართ სამართლებრივი დევნა. ახალ უკანონო პატიმრებს 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ემუქრებიან. ხალხის მიმართ ძალადობას და უსამართლობას კი ქართველი ხალხი ყოველთვის საკადრის პასუხს გასცემს. ჩვენ უკან დასახევი გზა აღარ გვაქვს და სოლიდარობით, ურთიერთმხარდაჭერით, ერთიანი ბრძოლით, ერთად აღვადგენთ სამართლიან წესრიგს და მშვიდობას ქვეყანაში.

ეს ბრძოლა ქართველი ხალხის დამაჯერებელი უპირატესობით მიმდინარეობს და მისი გამარჯვებით დასრულდება!

თავისუფლება ყველა უკანონო პატიმარს!", - ნათქვამია განცხადებაში.