პარტია გახარია საქართველოსთვის აცხადებს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ დაუშვებლად ცნო მათი სარჩელი იმ ამომრჩევლების სიების გასაჯაროებაზე, ვინც ვერიფიკაცია გაიარა. პარტიაში ამბობენ, რომ ამის მოტივად სასამართლომ დაასახელა ის, რომ აპარატურა, სადაც სიები ინახება, უკვე პროკურატურის კონტროლქვეშაა.
გახარია საქართველოსთვის შეფასებით, პროკურატურამ საბოლოოდ აიყვანა მძევლად არჩევნების გაყალბების უმნიშვნელოვანესი მტკიცებულება. პარტია ამბობს, რომ ამით აშკარად იკვეთება ცესკოს, პროკურატურისა და სასამართლოს კოორდინირებული მოქმედება, რომლის მიზანიც არჩევნების გაყალბების დამადასტურებელი მტკიცებულებების სრულად ოცნების კონტროლის ქვეშ გადასვლაა.
"პროკურატურამ საბოლოოდ აიყვანა მძევლად არჩევნების გაყალბების უმნიშვნელოვანესი მტკიცებულება - იმ ამომრჩეველთა სიები, ვინც ვერიფიკაცია გაიარა, რომლის გასაჯაროებასაც 29 ოქტომბრიდან ვითხოვდით.
დღეს თბილისის საქალაქო სასამართლომ დაუშვებლად ცნო პარტია გახარია საქართველოსთვის სარჩელი ამ უმნიშვნელოვანესი მტკიცებულების დაცვაზე იმ მოტივით, რომ აპარატურა, სადაც სიები ინახება, უკვე პროკურატურის კონტროლქვეშაა. პროკურატურამ სიები ფაქტობრივად დააყადაღა. მანამდე, სასამართლომ არ დააკმაყოფილა ჩვენი განცხადება ამ მტკიცებულების გადაუდებელი აუცილებლობით დაცვაზე და სიების გასაჯაროებაზე.
აშკარად იკვეთება ცესკოს, პროკურატურისა და სასამართლოს კოორდინირებული მოქმედება, რომლის მიზანია არჩევნების გაყალბების დამადასტურებელი მტკიცებულებების სრულად ოცნების კონტროლის ქვეშ გადასვლა. ამაზე მიუთითებს მოვლენების ქრონოლოგიაც: როგორც კი 29 ოქტომბერს მოვითხოვეთ სიების გასაჯაროება, პროკურატურამ ცესკოს მითითებით 30 ოქტომბერს სასწრაფოდ დაიწყო გამოძიება. ხოლო როგორც კი 1 ნოემბერს მივმართეთ სასამართლოს გადაუდებელი აუცილებლობით ამ მტკიცებულების დაცვაზე, პროკურატურამ სასწრაფოდ დააყადაღა მტკიცებულებები. დღეს კი, სასამართლომ ამ არგუმენტზე დაყრდნობით, სარჩელი დაუშვებლად ცნო.
ცესკოს მიერ სიების გასაჯაროების გაჭიანურების და ცესკოს, პროკურატურის და სასამართლოს კოორდინირებული მოქმედების შემდეგ, აღნიშნული სიების ახლა, ან მომავალში გამოქვეყნების შემთხვევაში, უკვე იარსებებს დასაბუთებული ვარაუდი სიებთან დაკავშირებულ შესაძლო მანიპულაციებზე. სიმართლის დადგენა მხოლოდ საერთაშორისო გამოძიებით იქნება შესაძლებელი", - ნათქვამია პარტიის განცხადებაში.
გახარია საქართველოსთვის ითხოვს, 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებზე მისული ამომრჩევლების სრული ბაზა გადაეცეს ნეიტრალურ პლატფორმას, სადაც თითოეულ ამომრჩეველს, ინდივიდუალურად შეეძლება გადაამოწმოს შემდეგი მონაცემები: მონაწილეობდა თუ არა არჩევნებში; რომელ უბანზე მისცა ხმა; რომელ საათზე მისცა ხმა.