გაეროს გენერალურმა ასამბლეამ მხარი დაუჭირა რეზოლუციას, რომლითაც უკრაინაში რუსეთის ომი დაგმო და რუსეთს ჯარების გაყვანისკენ მოუწოდა.
რეზოლუციას, რომელიც უკრაინამ შეადგინა მხარი 141-მა ქვეყანამ დაუჭირა, 7-მა ქვეყანამ: ბელარუსმა, მალიმ, ნიკარაგუამ, რუსეთმა, სირიამ, ჩრდილოეთ კორეამ და ერიტრეამ კი მის წინააღმდეგ მისცეს ხმა.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის დმიტრო კულებას ცნობით, ესაა დასტური რომ უკრაინას მხარს მხოლოდ დასავლეთი არ უჭერს.
„მხარდაჭერა ბევრად უფრო ფართოა და მისი კონსოლიდაცია და გამტკიცება გაგრძელდება. ეს კენჭისყრა უარყოფს იმ არგუმენტს, რომ გლობალური სამხრეთი არ დგას უკრაინის მხარეს, ვინაიდან ლათინური ამერიკის, აფრიკისა და აზიის ბევრმა ქვეყანამ ჩვენს სასარგებლოდ მისცა ხმა დღეს“ - განაცხადა კულებამ.
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ასამბლეას უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის მიღებისთვის მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ ეს ომის დაწყებიდან 1 წლისთავზე უკრაინისადმი გლობალური მხარდაჭერის ძლიერი სიგნალია.
„რეზოლუცია უკრაინისადმი გლობალური მხარდაჭერის მძლავრი სიგნალია. მსოფლიოს საზოგადოების უკრაინისადმი სოლიდარობის მძლავრი დასტური, რუსეთის სრულმასშტაბიანი აგრესიის წლისთავის კონტექსტში. უკრაინისადმი გლობალური მხარდაჭერის მძლავრი მანიფესტაცია“ - განაცხადა ზელენსკიმ.