გაერო ძალადობრივი ჯგუფების მიერ თბილისი პრაიდფესტის ჩაშლას ეხმაურება და ხელისუფლებას ორგანიზატორებისთვის პასუხისმგებლობის დაკისრებისკენ მოუწოდებს.
"გაერო Tbilisi Pride-ზე ძალადობასა და თავდასხმებს გმობს. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, დაგმოს ეს შემაშფოთებელი ინციდენტი, დააკისროს პასუხისმგებლობა ორგანიზატორებს და გადადგას გადამწყვეტი ნაბიჯები, მშვიდობიანი შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების დაცვის გასაუმჯობესებლად ყველასათვის, მათ შორის ლგბტ+ პირებისთვის", - წერია გაეროს განცხადებაში.
***
დღეს Tbilisi Pride-ის კვირეულის დასკვნითი ღონისძიება უნდა გამართულიყო. ჰომოფობიური და აგრესიულად განწყობილი ჯგუფები ფესტივალის ტერიტორიაზე შეიჭრნენ, მაშინ, როდესაც ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული განცხადებებისა და ორგანიზატორებისთვის მიცემული "გარანტიების" მიუხედავად, ძალადობრივმა ჯგუფებმა ფესტივალი ჩაშალეს.
ისინი ვაჟა-ფშაველას ძეგლის მიმდებარე ტერიტორიიდან 13:00 საათიდან დაიძრნენ და ფესტივალის ჩატარების ადგილამდე ისე მივიდნენ, რომ პოლიციამ მათი მობილიზება გზაშივე არ აღკვეთა - მხოლოდ მცირე დაპირისპირება მოხდა, რა დროსაც ძალადობრივი ჯგუფის რამდენიმე წევრი დააკავეს. ამის შემდეგ, მათ პოლიციის კორდონი გაარღვიეს და ტერიტორიაზე შეიჭრნენ.
Tbilisi Pride-მა ევაკუაციის გადაწყვეტილება მიიღო. ფესტივალის ორგანიზატორებმა და მონაწილეებმა ტერიტორია დატოვეს, იქ ძალადობრივი ჯგუფები რამდენიმე საათის განმავლობაში იყვნენ მობილიზებულები, ტერიტორია დაარბიეს და გაქურდეს.