"ევროპული მხარდაჭერა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია" - პრეზიდენტი EU-ის ლიდერებს შეხვდა

"ევროპული მხარდაჭერა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია" - პრეზიდენტი EU-ის ლიდერებს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ბრიუსელში ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან შარლ მიშელთან და ევროკომისიის პრეზიდენტთან ურსულა ფონ დერ ლაიენთან შეხვედრის შემდეგ X-ზე ორი განცხადება გამოაქვეყნა.

შარლ მიშელთან შეხვედრის შემდეგ მან დაწერა, რომ ერის სახელით მადლობა გადაუხადა ევროპული საბჭოს პრეზიდენტს ევროპულ გზაზე საქართველოს მხარდაჭერისთვის.

"ჩვენი ერის სახელით მადლიერება გამოვხატე საქართველოს მეგობრის, შარლ მიშელის მიმართ, რომელიც ჩვენს ევროპულ მისწრაფებებს მტკიცედ უჭერს მხარს.

ამ გადამწყვეტ მომენტში ევროპული მხარდაჭერა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია - მორალური მხარდაჭერა და დამკვირვებლები არჩევნებზე ქართველ ხალხს გააძლიერებს მაშინ, როცა ევროპული მომავლის მიმართ ჩვენს ერთგულებას ვადასტურებთ".

ურსულა ფონ დერ ლაიენთან შეხვედრის შემდეგ პრეზიდენტმა დაწერა, რომ შეხვედრაზე ევროპული მხარდაჭერის გადამწყვეტ მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

"პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენს კიდევ ერთხელ დავუდასტურე ჩვენი ევროპული გზის დაჩქარებისათვის ქართველი ხალხის ერთგულება.

ხაზგასმით აღვნიშნე ევროპული მორალური მხარდაჭერის გადამწყვეტი მნიშვნელობა, რათა ქართველმა ხალხმა თავი იზოლირებულად არ იგრძნოს მაშინ, როცა 26 ოქტომბერს ისინი საკუთარ ევროპულ არჩევანს გააკეთებენ".